16 რიცხვამდე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა არსებობს - ბურჭულაძის ადვოკატი

08.04.26 15:43
16 რიცხვამდე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა არსებობს - ბურჭულაძის ადვოკატი

მიუხედავად პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადებისა, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, ხათუნა ხურცილავა ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. 

როგორც პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაფორმება გამოირიცხა.

თავდაცვის ექს-მინისტრის ადვოკატი ამბობს, რომ 16 აპრილს, როცა მორიგი პროცესია ჩანიშნული, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

მისივე თქმით, ბურჭულაძე მზადაა, ზიანი აანაზღაუროს და საპროცესო შეთანხმების პირობებს დაყაბულდეს. 

ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს საპროცესო შეთანხმებაზე ღუდუშაურთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს საკითხს, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვფიქრობთ, რომ 16 რიცხვამდე პასუხს მივიღებთ.

კატეგორიული უარი, რომ საპროცესო არ ფორმდება, ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას პროკურორი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 16 რიცხვამდე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდეს.

თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, ჩვენ მზად ვართ ზიანის ანაზღაურებაზე და ასევე საპროცესო შეთანხმების პირობების შესრულებაზე. საპროცესო შეთანხმება ნიშნავს აღიარებას, შესაბამისად, უნდა მოხდეს კანონის ფაარგლებში" - ამბობს ადვოკატი. 

პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა სხდომაზე უკვე გააჟღერა.

საპროცესო შეთანხმება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს გაუფორმდება. 

რას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას? 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.