მთავრობას წერილით მეცნიერებმა მიმართეს - კალაძე "ცის დაკეტვაზე"
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცის ჩაკეტვა მეცნიერების მიმართვის საფუძველზე მოხდა.
მერი ამტკიცებს, რომ მეცნიერებმა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად წერილობით მიმართეს.
გეუბნებით რაც არის სიმართლე და რეალობა, მეცნიერების მოთხოვნით, ვინც კონკრეტულად ობსერვატორიაში მუშაობს, ვინც ახორციელებს დაკვირვებებს, წერილით ოფიციალურად მიმართეს საქართველოს მთავრობას და იქნა გადაწყვეტილება მიღებული. პრობლემა რა არის ამაში? რომ დაკორექტირდა თვითმფრინავების ხაზი, პრობლემა რა არის ამაში?" - ამბობს კახა კალაძე.
კახა კალაძის განცხადების მიუხედავად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი, სანდრო ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს ბალანსზე არსებული ობსერვატორიიდან საქართველოს მთავრობაში რა წერილი გაიგზავნება მნიშვნელობა არ აქვს და რეალური ინტერესები ყველასთვის აშკარაა.
ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანთან დაკავშირებით ძალიან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მან, რეალურად, მთელი სახელმწიფო მანქანა და მთელი ბიუჯეტი მომართა იმისკენ, რომ მოეწყო ახალი რეზიდენცია აბასთუმანში. არანაირი რეალური მიზეზი და დასაბუთება არ აქვს ამ ტიპის აკრძალვას, სრულ აკრძალვას ფრენებზე აბასთუმნის თავზე. ამიტომ შეიძლება მკაფიოდ ითქვას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და მიტაცებული სახელმწიფოს გამოყენება ამ პირადი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რაც როგორც ჩანს, საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ ზიანს მოუტანს სახელმწიფოს, რადგან ამ საერთაშორისო ტრასების გადათამაშებით შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს ის შემოსავალი, რაც ამ ტრასებიდან შემოდიოდა.
განათლების სამინისტროს ბალანსზე არსებული ობსერვატორია რა ფურცელს გამოაქვეყნებს, თუ გააგზავნის, ეს არის მხოლოდ ფურცელი, სამწუხაროდ და რეალური ინტერესები ყველასთვის აშკარაა," - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში იცვლება რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტრასა, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.
სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა "ბიძინა ივანიშვილის ახირებაა". "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.