სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - პროცესი დახურულია
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დაშვებულად ცნობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. დღეს უნდა გაირკვეს, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ უნდა გადავიდეს.
„დღევანდელი პროცესი წინასასამართლო სხდომის გაგრძელებაა, ვინაიდან წინა სხდომაზე სრულად ვერ მოხდა პროცესის დასრულება. დღეს შუამდგომლობების განხილვის ეტაპია და სავარაუდოდ, წინასასამართლო სხდომის ეტაპი დასრულდება და გადაწყდება, საქმე არსებით განსახილველად გადაცემასთან დაკავშირებით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის შეკრებილი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ უნდა გადავიდეს.
რაც შეეხება საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას, ბრალდებულის ინტერესიც იყო, რომ საქმე ღია რეჟიმში განხილულიყო", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს:
პირველი ეპიზოდი
- „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.
მეორე ეპიზოდი
- „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.
მესამე ეპიზოდი
- „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
- აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
- ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.
მეოთხე ეპიზოდი
- „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
- ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.
ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ“.