ივანიშვილი ვერც შსს-ში და ვერც სუს-ში ახერხებს სიტუაციის სტაბილიზაციას - დათუნაშვილი
პარტია „ლელო — ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ძალოვან სტრუქტურებში მიმდინარე საკადრო გადაადგილებები სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.
მისი შეფასებით, უსაფრთხოების სექტორი ივანიშვილის გუნდისთვის ხელისუფლების სტაბილურობის მთავარი საყრდენია, თუმცა ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემები გრძელდება.
„ჩვენ არ ვცხოვრობთ ლიბერალურ დემოკრატიაში, სადაც არსებობს ბალანსის სისტემა, ჩვენ ვცხოვრობთ პროვინციულ ავტოკრატიაში, რომელსაც არ აქვს სრულფასოვანი სუვერენიტეტი და აქ ძალოვანი სისტემა ივანიშვილისთვის არის ფუნდამენტი მისი ხელისუფლების სტაბილიზაციის. ჩვენ ვხედავთ, რომ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვერც სუს-ში ივანიშვილი ვერ ახერხებს სიტუაციის სტაბილიზაციას, ორ წელიწადში სუს-ის სამი უფროსი გამოიცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც რეზერვში გაუშვა და მესამეს ახლა მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს, ეგ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ვერ ახერხებს სტაბილიზაციას. მისი რეჟიმი დღეს თრთის. ის არ არის კომფორტულ მდგომარეობაში, ის არ დგას ფეხზე მყარად, იმიტომ, რომ, როდესაც შენ გიწევს სუს-ის უფროსის ცვლა რამდენიმე თვეში ერთხელ, ეგ ნიშნავს, რომ შენ სერიოზული პრობლემა გაქვს ძალაუფლების სისტემაში, არა უბრალოდ ძალოვან სტრუქტურაში, არამედ ძალაუფლების სისტემაში. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურში შეუძლია ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სისტემური რეფორმა გაატაროს, რაიმე ნორმალური კვალი დატოვოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის მართვის სტილი არის ერთი ახირებული ბერიკაცის მიდგომა, როდესაც ის რაღაც შიშებზე, რაღაც ფობიებზე, რაღაც ჭორებზე აფუძნებს მის საკადრო პოლიტიკას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი დელეგიტიმაციის პირობებში, ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში არ არის ისეთი სტაბილური, როგორსაც ცდილობს რომ წარმოაჩინოს მისი პროპაგანდა", — განაცხადა დათუნაშვილმა.