"ოცნების" დეპუტატი: თუ ვინმეს არ ჰყოფნის ხელფასი, შეუძლია, წავიდეს კერძო სექტორში
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ კორუფციული დანაშაულების სტატისტიკის ზრდა სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენისა და პრევენციის მექანიზმების გაძლიერებას უკავშირდება.
მისი თქმით, კორუფციის საკითხი მუდმივად აქტუალურია, თუმცა არსებული მონაცემები მიუთითებს არა პრობლემის გაღრმავებაზე, არამედ სამართალდამცავი სისტემის უფრო ეფექტურ მუშაობაზე.
სტატისტიკაც სწორედ იმიტომ არის გაზრდილი, რომ გაიზარდა დამოკიდებულება გამოვლენის და პრევენციის. საუბარი კორუფციაზე ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოკიდებულება, რას აკეთებს იმისთვის, რომ არ იყოს კორუფციული ფაქტები და რაც ყველაზე მთავარია, თავად საჯარო მოხელეებმა გააცნობიერონ და იცოდნენ, რომ ისინი ნებისმიერი დონის სახელმწიფო სამსახურში არიან ერთადერთი მიზნით მოსულები, ღირსეულად ემსახურონ ქვეყანას და ხალხს და არა ის, რომ იფიქრონ რაიმე სხვა, დამატებით შემოსავლებზე. თუ ვინმეს არ ჰყოფნის ხელფასი და უნდა უკეთესი სამსახური, შეუძლია, წავიდეს კერძო სექტორში. სუსის დამოკიდებულების შეცვლა და გააქტიურება ამ თვალსაზრისით, ასახულია კიდევ სტატისტიკაში.
ყოფილი სუსის უფროსი, იცით თქვენ, რომ თავად არის ბრალდებული ძალიან მძიმე დანაშაულებში. უბრალოდ, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადამიანი, რომელიც თავად არის ბრალდებული ასეთ დანაშაულში, უნდა ყოფილიყო პირველი ადამიანი, რომელსაც უნდა ებრძოლა ასეთი დანაშაულის წინააღმდეგ, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კორუფციული დანაშაულების მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით არის მომატებული, ხოლო საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევები თითქმის ყველა მიმართულებით ზრდის ტენდენციას აჩვენებს. მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები 205%-ით გაიზარდა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა — 500-ით, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები 225%-ით არის მომატებული.