ადვოკატი არ უარყოფს, რომ სუს-ის ექს-შეფის წინააღმდეგ საქმეში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ჩვენებები დევს
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე არ უარყოფს, რომ სუს-ის ექს-შეფის წინააღმდეგ საქმეში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ჩვენებები დევს.
უფლებადამცველმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან ნაწილობრივ დაადასტურა, რომ გამოსაკითხს მოწმეთა ნუსხაში სწორედ "ოცნების" ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები არიან.
სუს-ის ყოფილი შეფის საქმეზე არსებითი განხილვა 6 მაისს დაიწყება, რა დროსაც პროკურატურის მოწმეები სასამართლოში მივლენ. პროცესები დახურულია - ამიტომ საზოგადოება ვერ გაიგებს, ვინ მისცა ჩვენება ლილუაშვილის წინააღმდეგ.
საქმე, რითიც არის შეძლებისდაგვარად, თუნდაც დღეს სასამართლომ რისთვისაც არსებით განსახილველად გადაიტანა ეს საქმე, არის დაინტერესებულ პირთა ჩვენებების საფუძველზე აგებული და სწორედ ამიტომ არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც თქვენც მოისმინეთ და სულ ამ კითხვას ვიმეორებთ, რატომ არის ეს სასამართლო სხდომა დახურული. დახურვა არის ბრალდების ინტერესი და არა ჩვენი ინტერესი იმიტომ, რომ მის უკან გამოჩნდება იმ მოწმეთა წრის შემხებლობა - არ არის მარტო რა, საუბარი არის იმაზე, რამდენად დამაჯერებელი შეიძლება იყოს მათი თუნდაც განმარტებები. რაც არის, ესეც კი არ არის საკმარისი და მეტი წილი არის ირიბი მტკიცებულებები, რომელიც ერთობლიობაში არ შეიძლება როდესმე გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად.
ამიტომ, ვფიქრობთ, რომ არსებითი განხილვა წარმოაჩენს იმ ნაკლოვანებებს, რაზეც დღეს ბრალდება აპელირებს და ჩვენ შევძლებთ უდანაშაულობის დამტკიცებას ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის.
[კითხვა: მოწმეთა ნუსხაში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები თუ არიან] კი, ნაწილობრივ " - ამბობს ადვოკატი.
პროკურატურა ამბობს, რომ არსებობს ზეწოლის საფრთხე და თუ მოწმეების სახელები და გვარები გასაჯაროვდება, მათი ჯანმრთელობა დიდი რისკის ქვეშ დადგება.
სახელმწიფო ბრალდებას გამოსაკითხი დაახლოებით 100 პირი ჰყავს.
როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მიერ, 4 ეპიზოდზეა საუბარი, აღებული იქნა ქრთამი, სხვადასხვა ეპიზოდია და სხვადასხვა მოცემულობა - ამ მოწმეების მიერ გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტი დადასტურებული იქნება, თუმცა მე შინაარსში ვერ შევალ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ ეს მოწმეები ჯერ სასამართლოში დაკითხული არ არიან და ყველაფერი წინ არის ამ კუთხით.
დაახლოებით 100 პირამდე არის დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი, თუმცა არ არიან მხოლოდ, მოწმის სახით გამოკითხული პირებისგან არ შედგება ბრალდების მტკიცებულებები, წარმოდგენილი გვაქვს როგორც ელექტრონული სახის ინფორმაცია, ასევე ამოღებული ნივთმტკიცებები, სხვადასხვა ხასიათის ინფორმაცია, გამოთხოვილი იქნება ეს თუ სხვადასხვა ფორმით, საპროცესო კანონმდებლობის წესით დამაგრებული, ეს ყველაფერი ურთიერთ თანხვედრაშია მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, მათ შორის ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზეც არის საუბარი," - ამბობს პროკურორი.
რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს:
პირველი ეპიზოდი
- „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.
მეორე ეპიზოდი
- „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.
მესამე ეპიზოდი
- „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
- აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
- ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.
მეოთხე ეპიზოდი
- „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
- ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.