"პროკურატურა სისულელეებზე ვერ გააკეთებს რეაგირებას" - როგორ პასუხობენ "ოცნებაში" ვლადიმერ ხუჭუას

07.05.26 16:04
"პროკურატურა სისულელეებზე ვერ გააკეთებს რეაგირებას" - როგორ პასუხობენ "ოცნებაში" ვლადიმერ ხუჭუას

"პროკურატურა სისულელეებზე, სიყალბეზე და სიცრუეზე ვერ გააკეთებს რეაგირებას" - ასე პასუხობენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ მოსამართლეს, ვლადიმერ ხუჭუას "ქართულ ოცნებაში".

კახა კალაძის განცხადებით, მას "აგორებული კამპანიაც" ახსოვს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, თუმცა თბილისის მერის მტკიცებით 2026 წლის მაისის თვისთვისაც არ უნახავს გაყალბების დამადასტურებელი ფაქტი. 

ეუთოს დასკვნა და შეფასება იყო ის, რომ არჩევნები შედგა, არჩევნები იყო კონკურენტული, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მახსოვს კამპანია, რომელიც ააგორეთ, რომ თითქოს იყო გაყალბების ფაქტები, მაგრამა აგერ 2026 წლის მაისის თვეა, დღემდე არავის ერთი ფაქტი არ წარმოუდგენია გაყალბებულ [არჩევნებთან] დაკავშირებით. 

პროკურატურა სისულელეებზე, სიყალბეზე და სიცრუეზე ვერ გააკეთებს რეაგირებას" - განაცხადა კახა კალაძემ. 

"ქართული ოცნების" წევრის, გია ვოლსკის თქმით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა "ჩვეულებრივი ნაცმოძრაობის აქტივისტია". 

ხუჭუა არის ჩვეულებრივი აქტივისტი ნაცმოძრაობის. როცა ელექტრონული არჩევნების ჩატარების თემა გაჟღერდა და განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, ეს იყო შოკისმომგვრელი, ისტერიკაში ჩავარდნენ ადამიანები, ვისაც უნდოდათ საქართველოში არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინათ და მაშინვე ხუჭუაც, მისი მეუღლეც იყვნენ ჩართულები ამ პოლიტპროპაგანდაში. ახლა ახალს სქემას ავითარებენ ეტყობა და კვლავ სხვა ვერავინ თუ არა ხუჭუა იმიტომ, რომ მოსამართლის მანტია აცვია," - ამბობს გია ვოლსკი. 

ასევე "ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, "კატასტროფაა, სამწუხაროდ, როდესაც აქამდე არის მისული ის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ არის მოსამართლე".

22-მა მოსამართლემ განიხილა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საჩივრები, 22 მოსამართლიდან მხოლოდ ხუჭუამ აღმოაჩინა დარღვევა და მხოლოდ ის აღმოჩნდა სამართლის უზენაესობის სადარაჯოზე და ამის სასარგებლოს მისი მეუღლე ტორტის გამოცხობასაც დაჰპირდა. ეს კატასტროფაა, სამწუხაროდ, როდესაც აქამდე არის მისული ის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ არის მოსამართლე," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

ცნობისთვის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, მის მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და  საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

ვლადიმერ ხუჭუა პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს.

შეგახსენებთ: 

  • მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები