ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა - ინფორმაცია "პირველების" ეთერში პარტიის "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა.
ადვოკატი ამბობს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ ყოფილ ძალოვანზე, ვინც სისტემა ამხილა, საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.
როდესაც ირაკლი შაიშმელაშვილს შენ ორი წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯი, ადამიანს, რომელმაც აჩვენა ის გამბედაობა და ის პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ველოდებით პოლიციელებისგან, რომ არ შეასრულონ უკანონო დავალება, ამხილა ეს რეპრესიული სისტემა, მთელი შიდა ძალიან მძიმე ვითარება და თქვა რომ მე ამას არ გავაკეთებ და წავიდა.
წავიდა, მაგრამ მას დააწიეს სისხლის სამართლის საქმე, სადაც, სხვათა შორის, არ ვიცი უკვე გასაჯაროვდა თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ შემიძლია უკვე გითხრათ, რომ მან მიიღო ამერიკის სახელმწიფოსგან პოლიტიკური თავშესაფარი და ჩვენ მივიღეთ ეს ოფიციალური დადასტურება, ვიყავით ამ პროცესთან ძალიან ახლოს, იცით, რომ ჩვენი იურიდიული ჯგუფი მუშაობს მის საქმეზე აქ ქართულ სასამართლოში, თუმცა გვქონდა ასევე კონტაქტი მის უცხოელ ადვოკატებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმიტომ, რომ ეს პირველი ფაქტია ამ პოლიტიკური დაპატიმრებებიდან, ვინც ეს სტატუსი მიიღო და მიიღოს სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა საქართველოში," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი შაიშმელაშვილი სისტემა 2024 წლის 3 დეკემბერს, თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების ძალისმიერი დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა.
სისტემიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 4 ოქტომბრის საქმეზე აღძრა.
- გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინეს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს. [ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს 3-წლამდე ვადით].
პროკურატურა ამტკიცებს, რომ შაიშმელაშვილი „ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ, არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა”.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად "სასახლის ღობის" საქმეზე ბრალდებულებს:მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ირაკლი ჩხვირკვია, ნიკა გვენცაძე, გური ჟვანია და თორნიკე მჭედლიშვილი კი 5-5 წლით გაუშვეს ციხეში.