რატომ არ გადის კომიტეტზე ფასების კომისიის დასკვნა?
რატომ არ გადის კომიტეტზე ფასების კომისიის დასკვნა? - 104-გვერდიანი დოკუმენტი წესით ბიუროზე კენჭისყრაზე უნდა გასულიყო და პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალური დამუშავებისთვის გადასცემოდა, თუმცა პროცედურები ამ დრომდე არ დაწყებულა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთი კვირა და 10 დღე არაფერს არ ცვლის, თუმცა ფასების კომისიამ მუშაობა 2 კვირის წინ დაასრულა.
მმართველი პარტიის წევრის, გიორგი გაბუნიას თქმით, ბიუროზე განისაზღვრება დღის წესრიგი, რის შემდეგაც ვნახავთ რა გავა სესიაზე.
ახლა გვაქვს კულტური კომიტეტის სხდომა, მერე არის ბიურო, ბიუროზე განისაზღვრება დღის წესრიგი, რა უნდა გავიდეს სესიაზე და იქ ნახავთ," - თქვა გიორგი გაბუნიამ.
ევროპელი სოციალისტების ჯგუფის თავმჯდომარე ლადო ბოჟაძე ამბობს, "კომისიის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა", ამიტომ მისი გატანა კომიტეტზე რამდენად საჭიროა, ვერ იტყვის:
პროცედურულად ამის საშუალება არის მე რამდენადაც ვიცი, თუმცა რამდენად არის ამის საჭიროება ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ეს იყო კომისიის დასკვნა, რომელიც არის სარეკომენდაციო სახის, როგორც პარლამენტისთვის, ასევე მთავრობისთვის, რა მოდელით შეიძლება წავიდეს ჩვენი ქვეყანა და რა საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება იყოს საჭირო, ან მთავრობის მხრიდან რაიმე რეგულაციები, ასე რომ დაველოდოთ.
რა თქმა უნდა, ფასდაკლებები იყო, ეს იყო დამოკიდებული ბრენდზე, ეს იყო დამოკიდებული ჰიპერმარკეტზე და მათ ქსელზე, მაგრამ ახლა საუბარი არის იმაზე, რომ მუდმივად კონკრეტული 15 პროდუქციის ჩამონათვალი," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, "აუტკივარი თავი არ აუტკიებიათ", გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა აუცილებლად გაკეთდება.
შეიტანენ დღის წესრიგში და გამოვა, ახლა აქ არაფერს ერთი კვირა, 10 დღე არ წყვეტს. აი საერთოდ რომ არ წამოგვეწყო ეს კომისია, ვინ რას მოგვთხოვდა, აუტკივარი თავი ხომ არ ავიტკიეთ, ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრაზე სერიოზულად რომ არ ვფიქრობდეთ, საერთოდ არ ვისაუბრებდით ამაზე. გარკვეული დრო ამას დასჭირდება, მაგრამ გაკეთდება," - თენგიზ შარმანაშვილი.
დაპირების მოუხედავად, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ დამდგარა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.
კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.
დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.
- პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
- დოკუმენტი, რომელიც 70-მდე კომპანიასთან შეხვედრასა და 80-ზე მეტი ბიზნესის საოპერაციო ხარჯების ანალიზს ეფუძნება, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნება.
- კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა მედიასთან თქვა, რომ დასკვნა ჯერ ბიუროზე გავა კენჭისყრაზე, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალური დამუშავებისთვის გადაეცემა.