"სადაც უნდა იქ იდაოს "- "ოცნებაში" ამბობენ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს შეუძლია ევროსასამართლოს მიმართოს
"ოცნებაში" ამბობენ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს შეუძლია სასამართლოს ყველა ინსტანცია გაიაროს და მათ შორის სტრასბურგსაც მიმართოს.
გია ვოლსკის განცხადებით, სტრასბურგი იმიტომ არსებობს, რომ მას ნებისმიერმა ადამიანმა მიმართოს
იქ არის უშველებელი რაოდენობა დანაშაულებებისა და ჩვენ საფუძველი არ გვაქვს ეჭვი შევიტანოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში და თუ ამის საფუძველი გრიგოლ ლილუაშვილს გააჩნია, რასაკვირველია უნდა მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს, გაასაჩივროს და სტრასბურგიც მაგიტომ არსებობს", - აცხადებს გია ვოლსკი.
ანალოგიური პოზიცია ჰქონდა დღეს ირაკლი ზარქუასაც, თუმცა "ოცნების" დეპუტატმა ასევე დასძინა, რომ დავა სტრასბურგში ყოველთვის გამამართლებელი განაჩენი არ სრულდება.
ეს თითოეული ადამიანის უფლებაა და კიდევ ერთხელ საერთაშორისო ასპარეზზეც გამოჩნდება, რა როგორ რანაირად არის. ჩვენ გვინახავს მათ შორის უფრო გახმაურებული ქეისები, რუსთავი 2-ის თემა გახსოვთ, გახსოვთ ანაკლიის პორტზე ხაზარაძე და კომპანია მილიონობით დოლარს სთხოვდა სახელმწიფოს და საერთაშორისო არბიტრაჟმა გაამტყუნა. ჩამი-ჩმი ისმი? არა. კიდევ არის სააკაშვილის და გვარამიას თემა, საერთაშორისო ასპარეზზე წაიღეს მაგრამ წააგეს. მე არვიცი რა როგორ იქნება, ეს სასამართლოს და მოსამართლსი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ყველას აქვს უფლება იდაოს სადაც უნდა იქ", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს:
პირველი ეპიზოდი
- „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.
მეორე ეპიზოდი
- „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.
მესამე ეპიზოდი
- „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
- აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
- ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.
მეოთხე ეპიზოდი
- „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
- ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.