ცივილიზებული მსოფლიო ქმნის ტრიბუნალს, რეჟიმი კი საქართველოს ეროვნული ინტერესებით ვაჭრობას აგრძელებს - გეგელია
"ოცნება" წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს - ასე ეხმაურება "ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია "ოცნების გადაწყვეტილებას, მხარი არ დაეჭირათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის.
გეგელიას თქმით, ასეთ სიტუაციაშიც კი "ოცნება" ცივილიზებულ მსოფლიოსთან ვაჭრობს - "ცივილიზებული მსოფლიო ქმნის ტრიბუნალს, მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, რომ დააკვირდება სახელმწიფოთა დამოკიდებულებას ქოცური რეჟიმის მიმართ".
ეს რეჟიმი აგრძელებს ვაჭრობას საქართველოს ეროვნული ინტერესებით და იმ ღირებულებებით რაც საქართველოს აკავშირებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებული მსოფლიო ქმნის ტრიბუნალს, რომელიც იქნება ერთგვარი მორალური ფუნდამენტი ახალი ევროპული უსაფრთხოებისა, ახალი ევროპული პოლიტიკური წყობისა, რომელიც მკაფიოდ საუბრობს რუსეთის ფედერაციის ფაშისტურ მოქმედებებთან დაკავშირებით და ამავე დროს ვხედავთ, რომ საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრად წოდებული პირი ამბობს, რომ ის დააკვირდება სახელმწიფოთა დამოკიდებულებას ქოცური რეჟიმის მიმართ იმ პროცესში, როდესაც უნდა ჩამოყალიბდეს აზრი ტრიბუნალის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც არის იმის ადასტურება, რომ ის წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხმა არ მისცა.
მოლდოვაში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც 46 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას, საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა, თურქეთმა, სერბეთმა, ალბანეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სლოვაკეთმა და მალტამ კი ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა.