ექსკლუზივი: ირაკლი შაიშმელაშვილმა დაადასტურა, რომ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

16.05.26 19:11
ექსკლუზივი: ირაკლი შაიშმელაშვილმა დაადასტურა, რომ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი TV პირველის გადაცემა "დღის ამბებში" ადასტურებს, რომ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 

როგორც ყოფილმა ძალოვანმა თქვა, მას ეს სტატუსი დაახლოებით სამი კვირის წინ მიიღო. 

„ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლა. აშშ-ის ვიზა 2013 წლიდან მქონდა. 2021 წელს კანადის ვიზაც მივიღე და შემოთავაზებაც მქონდა და შესაძლებლობაც, ქვეყანა დამეტოვებინა, თუმცა ყოველთვის ფეხები მრჩებოდა უკან, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ყველა ქართველმა, ყველა ადამიანმა თავის ქვეყანაში უნდა იცხოვროს და იქ გაზარდოს შვილები. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო იძულება, იძულებით მომიწია აქ წამოსვლა.

ძალიან რთული გზა გავიარე. მარტივი არ არის ოჯახთან ერთად, მცირეწლოვან შვილებთან ერთად უცხო ქვეყანაში აბსოლუტურად მოუმზადებლად, აბსოლუტურად დაუგეგმავად შეძლო თავის დამკვიდრება და იქ ცხოვრება.

კი არ მეთაკილება და მრცხვენია, მეამაყება კიდეც – ხან ამანათებს ვარიგებ, ხან სხვადასხვა სამშენებლო ჯგუფებში ვმუშაობ. ძალიან ძნელია ემიგრაციაში ცხოვრება.

რაც მთავარია, რასაც ვაკეთებ თუნდაც ჩემი ორგანიზაციის ნაწილში, ჩართვების ნაწილში, მე 17 წლის ასაკში ჩავიცვი ფორმა და ფიცი, რომელიც ჩემი ქვეყნის წინაშე მაქვს დადებული, საზსღვრები და გეოგრაფიული არეალი არ გააჩნია და ვთვლი, რომ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაა, ეს დადებული ფიცი პირნათლად შევასრულო. მე ჩამს შვილებს შევპირდი, რომ მათ ქვეყანაში აუცილებლად დავაბრუნებ"- განაცხადა შაიშმელაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილი ხელმძღვანელი ინგა გრიგოლიას გადაცემაში "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და ირაკლი კობახიძის კომენტარს "უხერხული" უწოდა. 

რაც შეეხება კობახიძე-პაპუაშვილის განცხადებებს, ჩვენ ვაღიარებთ თუ არა მათ, განცხადებები რომელიც გაკეთდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტულია. პრემიერ-მინისტრის რანგში მყოფი ადამიანი, რომელიც ივანიშვილს საპატიო ყარაულივით დასდევს, იძახის რომ მე თურმე კრამიტებს ვამტვრევდი. მე შესაძლოა ვარსკვლავებს არ ვწყვეტდი, მაგრამ, ადამიანებს ძვლებში არ ვამტვრევდი. ეს არის განსხვევება კობახიძის იმ "სანიმუშო" პოლიციელებს შორის, რომლებსაც ხალხის დალეწვის გამო ღირსების ორდენები ჩამოკიდა" - თქვა შს ყოფილმა მაღალჩინოსანმა. 

13 მაისს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში თავშესაფარი მიიღო.

ირაკლი შაიშმელაშვილი სისტემა 2024 წლის 3 დეკემბერს, თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების ძალისმიერი დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

სისტემიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 4 ოქტომბრის საქმეზე აღძრა.

  • გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინეს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს. [ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს 3-წლამდე ვადით].

პროკურატურა ამტკიცებს, რომ შაიშმელაშვილი „ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ, არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა”.

7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად "სასახლის ღობის" საქმეზე ბრალდებულებს:მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.  ირაკლი ჩხვირკვია, ნიკა გვენცაძე, გური ჟვანია და თორნიკე მჭედლიშვილი კი 5-5 წლით გაუშვეს ციხეში.