ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის და ანტიქართული "ოცნების" განზრახვაა, ანაკლიის პორტის პროექტი განზრახ გააჭიანურონ
„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ანაკლიიდან გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში და დასავლელი ინვესტორების გაძევებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ პორტის მშენებლობის ვადებს კვლავ ხელოვნურად წევს და ქვეყანას მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო შესაძლებლობას აკარგვინებს.
კუპრაძის განცხადებით, ანაკლიის პორტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და რეგიონული მნიშვნელობის პროექტია, რომლის განხორციელებაც, მისი შეფასებით, „ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია“.
„ლელოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ანაკლიის პროექტს ეროვნულ-სტრატეგიულ სტატუსს მიანიჭებენ და მის განხორციელებაში მხოლოდ დასავლელ, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ინვესტორებს ჩართავენ.
ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, ანაკლიაში. ისევ მოვისმინეთ გუშინ რიცხვებში არეული, არაკომპეტენტური განცხადება ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი თურმე გემებს მიიღებს 2032 წელს. აქამდე ანტიქართულ "ოცნებას" და ივანიშვილს გაცხადებული ჰქონდათ, რომ გემები უნდა მიეღოთ 2029 წელს, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2016 წლიდან, რაც ჩავარდა სამშენებლო კაფსულა ანაკლიის პორტში, დაიწყო მშენებლობა, განხორციელდა ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია. გავიდა 10 წელი. 2019 წელს ივანიშვილის რეჟიმმა განაცხად, რომ თურმე ევროპელ, დასავლელ, ამერიკელ ინვესტორებს არაფერი ესაქმებოდათ შავ ზღვაში და გააუქმა, მოკლა ანაკლიის პორტი. ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო ინვესტორების დევნა, მათ შორის ჩვენი თანამებრძოლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრა გამოგონილი, თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, რითიც საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ყოველი მათი ეთერის დროს იტყუებიან ივანიშვილის წარმომადგენლები და პარალელურად, 10 წლის თავზე არაფერი ხორციელდება. მრავალგზის გადაავადეს ანაკლიის პორტის მშენებლობა. მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ 2032 წელს, კიდევ სამი წლით გადაწია ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღება, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვეს და სულ რამდენიმე საათში ეკონომიკის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა და დააბრალა ეკონომიკის მინისტრის არაკომპეტენტურობას და მექანიკურ შეცდომას. ჩვენ არ გვჯერა მათი მხრიდან შემთხვევითი წამოცდენების, ეს არის ივანიშვილის და ანტიქართული "ოცნების" კონკრეტული განზრახვა, რომ კიდევ გააჭიანურონ და გადაავადონ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის, სამეგრელოს გაბრწყინების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ვერ განხორციელდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. მაშინ, როცა ანაკლიის პორტს და ქალაქ "ანაკლიას" უნდა შეექმნა 20 000-მდე სამუშაო ადგილი მეგრელებისთვის, აფხაზებისთვის, საოკუპაციო ხაზიდან სამ კილომეტრში შენდებოდა ანაკლიის პორტი და ქალაქი "ანაკლია", რომელიც უნდა გამხდარიყო მიზიდულობის ცენტრი, რომლის განათებული სანაპიროც გამოჩნდებოდა აქედან სამ კილომეტრში აფხაზეთის და სოხუმის სანაპიროებიდან, ივანიშვილმა მოკლა ეს შესაძლებლობა. მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან დაინტერესებულები საქართველოს მიანიჭონ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რეგიონში შეიქმნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, მაშინ, როცა გადაიჭრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი, გაჩნდა ახალი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, ე.წ ტრამპის გზა, რომელსაც სჭირდება გასასვლელი შავ ზღვაზე, თუმცა ივანიშვილი ძალადობრივი, ანტიქართული და ანტიეროვნული პოლიტიკით, უკლავს საქართველოს შესაძლებლობას, რომ ანაკლიის პორტი გახდეს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გზის, "ტრამპის გზის" გაგრძელება და კარიბჭე დასავლეთში. ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება ამ საერთაშორისო ტრანზიტს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოშორდეს მმართველ რგოლს. ეროვნულმა ხელისუფლება უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი იმისთვის, რომ ამ საერთაშორისო სატრანზიტო გზამ გვერდი არ აუაროს საქართველოს. თუ ეს გზა გვერდს აუვლის საქართველოს ეს ნიშნავს სახელმწიფო ინტერესების განადგურებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეულობით მილიონ დოლარს დაკარგავს საქართველოს მოქალაქეები, ბიუჯეტი, რომლითაც უნდა გაიზარდოს თქვენი პენსიები, რომლითაც მხარდაჭერა უნდა გამოუცხადდეს სოფლის მეურნეობას, რომლითაც უნდა აშენდეს ახალი სკოლები, საბავშვო ბაღები და თავად ანაკლიის ახალი ქალაქი. ამ ვითარებაში "ლელოს" გზავნილი ნათელი და მარტივია, "ლელო" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთავარი მხარდამჭერია ანაკლიის პროექტის. ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ეროვნულ პროექტად, სტრატეგიულ ობიექტად უნდა გამოცხადდეს ანაკლიის პროექტი და პორტი, მის განხორციელებაში ჩართულნი უნდა იყვნენ მხოლოდ გამჭვირვალე, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები, ესენი არიან დასავლელი ინვესტორები, ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები და ახსოვდეს საზოგადოებას, განსაკუთრებულად "ქართული ოცნების" პროპაგანდის მსხვერპლებს, რომ ივანიშვილმა ამ ქვეყნიდან უკვე გააძევა ინვესტორები და 80 მილიონი ინვესტიციის ექსპროპრიაცია ანუ ჩამორთმევა განახორციელა.
გადის წლები, ივანიშვილის ყველა წინასაარჩევნო დაპირება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ტყუილი! ამ ტყუილს ჩვენ დავუპირისპირებთ ბრაზს, თვითორგანიზებას და ივანიშვილს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ახალი, ეროვნული, მათ შორის კოალიციური ხელისუფლება, აუცილებლად ააშენებს ანაკლიის პორტს, - განაცხადა კუპრაძემ.