თვითაღიარება უწევს კობახიძეს და იძულებულია, ნაწილი კორუფციონერებისა გაწიროს - კუპრაძე სუს-ის ექს-მაღალჩინოსნის დაკავებაზე
თვითაღიარება უწევს კობახიძეს და იძულებულია, ნაწილი კორუფციონერებისა გაწიროს - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სუს-ის ექს-მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის დაკავებას.
კუპრაძის თქმით, რაც დროს გადის, "ოცნება" თავად აღიარებს, რომ კორუფციაში არიან ჩაფლულები.
მაშინ, როცა ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ კორუფციაში არიან ჩაფლულები, კობახიძეს ჰქონდა პასუხად, რომ არანაირი კორუფცია არ არსებობს, მაგრამ თვითაღიარება, თვითლუსტრაცია უწევს კობახიძეს და იძულებულია, რომ ნაწილი კორუფციონერებისა გაწიროს, იმიტომ, რომ აქ არის საუბარი ასეულობით მილიონზე. თუმცა ახალი ხელისუფლება, კოალიციური, ეროვნული მთავრობა აუცილებლად გამოიძიებს ყველა იმ შემთხვევას, როგორ გაძარცვეს საქართველოში მოქალაქეების ბიუჯეტი", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფატზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.
ასევე დადგენილია, რომ ქრთამი ლილუაშვილის მაოდგილეს პირდაპირ სუს-ში, სამუშაო კაბინეტში მიუტანეს.