რკინიგზის საქმეზე დაკავებულ გიორგი კურტანიძეს სამი მუხლით გაასამართლებენ

17.06.26 12:44
რკინიგზის საქმეზე დაკავებულ გიორგი კურტანიძეს სამი მუხლით გაასამართლებენ

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებულ  გიორგი კურტანიძეს ბრალად ედება ორგანიზებული თაღლითობა, ყალბი ანგარიშფაქტურის შექმნა და ფულის გათეთრება.

განცხადება ბრალის წარედგინის შემდეგ მისმა ადვოკატმა დიანა გვიშიანმა მედიასთან გააკეთა.

მისივე თქმით, გიორგი კურტანიძე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ამ ეტაპზე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ძალიან დიდი მოცულობის არის საქმე, თითქმის 50 ტომია. დეტალურად გაცნობა ვერ მოვასწარით, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ბრალთან მიმართებით ჩვენი პოზიცია გვექნება. ბრალად ედება ორგანიზებული თაღლითობა, ყალბი ანგარიშფაქტურა და ფულის გათეთრება მას ნამდვილად ჰქონდა შპს და ნამდვილად იყო მისი დირექტორი, თუმცა დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას უარყოფს”, - განაცხადა დიანა გვიშიანმა.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, სქემის შედეგად სახელმწიფოს 17 მილიონ 391 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 6 დაკავებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდება.  საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.

  • სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

გამოძიების თანახმად,  2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. 

სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. 

  • დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.

მსგავსი სიახლეები