დატოვებენ თუ არა საპატიმროს ახალგაზრდების ცემაში ბრალდებული პოლიციელები?
სისტემური დანაშაულის ნიშნები და დაუსჯელობის სინდრომი ძალოვან უწყებაში - უფლებადამცველები შიშობენ, რომ ახალგაზრდების ცემის საქმეც შესაძლოა დაუსჯელად დასრულდეს. საქმე ეხება პოლიციელებს, რომლებიც ახალგაზრდებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მათი საპატიმროდან გათავისუფლების პროცესი, სავარაუდოდ, უკვე დაწყებულია.
არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დაზავების შესახებ ნოტარიულად გაფორმებული დოკუმენტი მომზადებულია, რაც ნიშნავს, რომ დაზარალებულებს ბრალდებულ პოლიციელებთან პრეტენზია აღარ აქვთ. თუმცა იურისტების შეფასებით, ეს გარემოება არ უნდა გამხდარიყო საქმის შეწყვეტის ან პასუხისმგებლობის შემსუბუქების საფუძველი, თუკი გამოძიება თავიდანვე უფრო მძიმე კვალიფიკაციით წარიმართებოდა.
კრიტიკის საგანია სწორედ ის, რომ პროკურატურამ საქმე წამების მუხლით არ დაიწყო და პოლიციელებს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის წარუდგინა. სამართლის სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, სწორედ ამ კვალიფიკაციამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ბრალდებულებმა სასჯელისგან შედარებით მარტივად დაიხსნან თავი ან საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვონ.
კითხვები რჩება იმაზეც, ვინ არიან ძალადობაში მხილებული სამართალდამცველები და არსებობს თუ არა მათი მფარველობის მექანიზმი სისტემაში. საქმე კვლავ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგნად რჩება, ხოლო უფლებადამცველები გამოძიების სრულყოფილად და გამჭვირვალედ ჩატარებას მოითხოვენ.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.