ძალადობაში მხილებული პოლიციელების საქმე - იოსელიანი დაზარალებულებს მხარდაჭერას ჰპირდება
სახალხო დამცველი ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმეზე გაჩენილ კითხვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დაზარალებულებზე რაიმე ფორმით ზეწოლა ხორციელდება, მათ ომბუდსმენის აპარატს უნდა მიმართონ.
მისი თქმით, თუ მსგავსს ადგილი ნამდვილად აქვს ომუბდსმენი მათ დაეხმარება, რომ საქმე სთანაოდ იქნას გამოძიებული და გასაჯაროებულიც.
ამ ადამიანებს მინდა, მივმართო: თუ მათზე ხდება რაიმე ტიპის ზეწოლა, მათ შეუძლიათ, მომმართონ მე, მომართოთ სახალხო დამცველის აპარატს და ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით იმაში, რომ სახელმწიფოს მხრიდან თუ აქვს ადგილი რაიმე ტიპის მათ ნებაზე ზემოქმედებას, ეს ყველაფერი იყოს სათანადოდ გამოძიებულიც, ასახულიც და გასაჯაროებულიც. ჩვენი ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა, მათ შორის, იმ მიგნებებს, რომელიც ეხება პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე სავარაუდო ძალადობებს, რომელიც გამოსაძებელია. სპეციალური პრევენციული ჯგუფი როდესაც დადიოდა და ამოწმებდა სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებს, ესაუბრებოდა მათ შორის ბრალდებულებს მსჯავრდებულებს, ეს ინფორმაცია მათგან გვაქვს მიღებული და შესაბამისად, აქედან მოხვდა ანგარიშში, - ამბობს იოსელიანი.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელები შესაძლოა საპატიმროდან გათავისუფლდნენ. ამ ეჭვს შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაცია აჩენს.
გადაცემის ცნობით, ბექა კუხალაშვილის, ირაკლი კააციტაძისა და მიხეილ ჯინჭარაძის საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებულთა ადვოკატებმა დაზარალებულებისგან ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც ნაცემ ახალგაზრდებს პოლიციელების მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ.
უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებულები დათმობაზე სისტემის ზეწოლის შედეგად წავიდნენ. მათი შეფასებით, საქმის განვითარებამ შესაძლოა ბრალდებული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.