საია ითხოვს, შესაბამისმა ორგანოებმა გაარკვიონ, ხომ არ არიან დაზარალებულები ზეწოლის ქვეშ

22.06.26 14:13
საია ითხოვს, შესაბამისმა ორგანოებმა გაარკვიონ, ხომ არ არიან დაზარალებულები ზეწოლის ქვეშ

საია ეხმიანება “შაბათის ეთერში“ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებშიც დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი არიან პოლიციის თანამშრომლები, დაზარალებულმა პირებმა შესაბამის უწყებებს ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადებებით მიმართეს.

საია პროკურატურას და სასამართლოს მოუწოდებს, სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებზე დაზარალებულთა პოზიციები შეაფასოს საჯარო დევნის ინტერესის შესაბამისად. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებშიც დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი არიან პოლიციის თანამშრომლები, დაზარალებულმა პირებმა შესაბამის უწყებებს ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადებებით მიმართეს.

ცხადია, დაზარალებულს აქვს უფლება, მის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდეს სამართლებრივი პოზიცია, რომელიც შესაძლოა ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონაშიც გამოიხატებოდეს, თუმცა საეჭვო და შესაბამისი უწყებებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რატომ აღარ აქვთ წამება/არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ პირებს ბრალდებულთა მიმართ პრეტენზია. მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლომ, პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადებების მიღებისას, სათანადოდ გამოიკვლიონ იგი. კერძოდ, ხომ არ ჰქონია ადგილი დაზარალებულთა მიმართ ისეთ უკანონო ქმედებებს, ზეწოლას ან დაპირებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მათ ნებასა და სასამართლოში წარსადგენ პოზიციაზე გავლენის მოხდენას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბრალდებულთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.

ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბრალდებულთა მიმართ პრეტენზია არ აქვთ, ბრალდების მხარე, დევნის საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ავტომატურად არ თავისუფლდება ვალდებულებისგან, სრულად შეაფასოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და ასე მიიღოს ბრალდებულთა მიმართ საპროცესო შეღავათების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.

ასევე, სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს არა დაზარალებულის პოზიციის ცვლილებაზე, არამედ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეში შესაძლოა მოიპოვებოდეს ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა ექსპერტიზის დასკვნები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ვიდეოჩანაწერები, მოწმეების ჩვენებები და სხვა. მართლმსაჯულების განხორციელება, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების ცვლილება არ უნდა გახდეს დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულის მიერ პრეტენზიის არქონის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო. შედეგად კი, სხვა სიკეთეთა შორის, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანების დაცულობის გარანტიებს საპოლიციო წამების წინააღმდეგ.

ა) სისხლისსამართლებრივი დევნა საჯარო ინტერესის გათვალისწინებით:

2009 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის3 მიღებით საქართველომ უარი თქვა, კერძო, კერძო-საჯარო და სუბსიდიურ დევნაზე და სრულად გადავიდა საჯარო დევნის მოდელზე4, რომლის ფარგლებშიც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, წარმართვისა და შეწყვეტის უფლებამოსილება სახელმწიფოს, კერძოდ კი, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების საფუძველზე მიენიჭა საქართველოს პროკურატურას.

2009 წლამდე სისხლისსამართლებრივი დევნა კი ხორციელდებოდა შემდეგი პრინციპით:

კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის5 საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შესაძლებელი იყო მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა წყდებოდა.

კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დროს გარკვეული დანაშაულების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა იწყებოდა მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას შეიძლებოდა ზიანი მიეყენებინა როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულისთვის. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში, პროკურორს უფლება ჰქონდა დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი, იმ პირობით, რომ ქმედუნარიანი დაზარალებული ამაზე წერილობითი თანხმობას გასცემდა.6

სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში - დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უფლება ჰქონდათ, მხარი დაეჭირათ პროკურორის მიერ ფორმულირებული სახელმწიფო ბრალდებისთვის, ხოლო თუ პროკურორი უარს იტყოდა ბრალდებაზე ან შეცვლიდა ბრალდებას, დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება ჰქონდათ, სასამართლოში მხარი დაეჭირათ წინანდელი ბრალდებისთვის. ასეთ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა არ წყდებოდა, ხოლო პროკურორს უფლება ჰქონდა, არ მიეღო მონაწილეობა საქმის შემდგომ განხილვაში.7

მოცემულ ნაწილში ცვლილების მთავარი მიზანი იყო, რომ დანაშაულზე რეაგირება აღარ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულის ნებაზე, რადგან პრაქტიკაში არსებობდა დაზარალებულზე ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის ან სხვა გზით მისი პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებული გამოწვევები. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, ძალადობასთან, წამებასთან, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასთან. ასეთი დანაშაულების მსხვერპლები, როგორც წესი, განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან მათ ხშირად სწორედ იმ პირებთან უწევთ დაპირისპირება, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებას წარმოადგენდნენ და მათზე გავლენის მოხდენის ან ზეწოლის უფრო მაღალი შესაძლებლობა აქვთ.

ამრიგად, საჯარო დევნის პირობებში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები და შესაბამისი მტკიცებულებები, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, მიუხედავად იმისა, აცხადებს თუ არა დაზარალებული, რომ მას პრეტენზია აღარ აქვს.

ბ) სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ წამების/არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების საქმეების გამოძიების თაობაზე:

საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში (იხ. ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ) ევროპულმა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ კანონმდებელმა ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას სათანადო ყურადღება არ გაამახვილა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ (იქნება ეს დაბალი თუ მაღალი რანგის სამართალდამცავი) ჩადენილი სერიოზული გადაცდომის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ამნისტიის ან შეწყალების გამოყენება არ უნდა იყოს დაშვებული ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით. იმავე მიდგომას იზიარებს ინტერ-ამერიკული სასამართლო, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო, ეუთო და ევროპული პარლამენტი.8

შესაბამისად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშულებში (იმის მიუხედავად, თუ ეროვნულ დონეზე რა კვალიფიკაციით იქნება საქმე წარმოებული), სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ დაზარალებულის პოზიციისთვის ცენტრალური როლის მინიჭება იმ მიზნით, რომ შემსუბუქებულ იქნას მათ მიმართ სასჯელი, სახელმწიფოს მიერ ამ დანაშაულზე მართლმსაჯულების აღსრულებად ვერ შეფასდება. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამგვარ აკრძალვას ითვალისწინებენ, საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია, და, კონსტიტუციის შემდეგ იერარქიით ყველაზე მაღლა დგას, შესაბამისად, საქართველო მათ შესრულებაზე ვალდებულია როგორც საერთაშორისო ორგანოების, ისე, საკუთარი მოქალაქეების წინაშე.

პარალელის სახით მივუთითებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლებია აკვირდება სხვადასხვა სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის სხდომებს, მათ შორის, მონიტორინგი მოიცავდა ოჯახში ძალადობის საქმეებს, რომლებშიც დაზარალებულები ხშირად აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ ბრალდებულთან პრეტენზია ან არ სარგებლობდნენ მათთვის მინიჭებული უფლებამოისლებით და ბრალდებული ოჯახის წევრის წინააღმდეგ სასამართლოს აღარ აძლევდნენ ჩვენებას, რაც ისეთ საქმეებში, რომლებშიც პროკურატურას სხვა მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით არ ჰქონდა ჩატარებული ეფექტიანი გამოძიება, იწვევდა ბრალდებულების გამართლებას და დაზარალებულებს აყენებდა კიდევ უფრო მომეტებული საფრთის წინაშე.

საჯარო დევნის სისტემაზე გადასვლამ გააძლიერა სახელმწიფოს როლი დანაშაულთან ბრძოლაში და უზრუნველყო, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა აღარ ყოფილიყო სრულად დამოკიდებული დაზარალებულის ნებაზე.

მაგალითად, საპროცესო შეთანხმების დადების დროს პროკურორი ვალდებულია დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება. სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა. დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.9 - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლი დაზარალებულის პოზიციას საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში პროკურატურა, როგორც წესი, მხედველობაში იღებს დაზარალებულის დამოკიდებულებას საპროცესო შეთანხმების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. ამ მხრივ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებას წინ უსწრებს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება და დაზარალებულის პოზიციის დაზუსტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ამრიგად, დაზარალებულის მიერ ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადება, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულების საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია პოლიციის თანამშრომლების ან სხვა სახელმწიფო წარმომადგენლების შესაძლო უკანონო ქმედებებთან, ვერ იქნება შეფასებული იზოლირებულად და ავტომატურად ვერ შეცვლის სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს სრულყოფილი გამოძიება და მართლმსაჯულების განხორციელება. საჯარო დევნის პრინციპი სწორედ იმ მიზნით არსებობს, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სერიოზულ დანაშაულებზე რეაგირება არ გახდეს დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულის ნებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს დაზარალებულზე ზემოქმედების, დაშინების ან სხვა სახის გავლენის რისკები. ამასთან, ბოლო პერიოდში დაზარალებულის უფლებების, მათ შორის კომპენსაციის მექანიზმის გაძლიერება, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს დარღვეული ინტერესების აღდგენას, თუმცა ამავდროულად საჭიროებს ფრთხილ შეფასებას, რათა სისხლის სამართლის პროცესში არ მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების აღრევა და სისხლის სამართლებრივი მექანიზმები არ გადაიქცეს ქონებრივი მოთხოვნების რეალიზების ალტერნატიულ საშუალებად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლებია იცავს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულ პირთა უფლებებსა და ინტერესებს. საია მოცემულ შემთხვევაშიც გამოთქვამს მზადყოფნას, შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სახელმწიფო წარმომადგენელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს, რომლებიც შესაძლოა ბრალდებულთა ან მათი წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული იძულების, დაშინების, უკანონო დაპირების ან სხვა სახის ზემოქმედების შედეგად იძულებულნი გახდნენ, უარი თქვან ან შეცვალონ საკუთარი სამართლებრივი პოზიცია ბრალდებულთა სასარგებლოდ, - წერია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები