მიხეილ სააკაშვილს ბიზნესზე არასწორი წარმოდგენა აქვს - ბადრი ჯაფარიძე
"ლელო-ძლიერი საქართველო" მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - ბადრი ჯაფარიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის განცხადება აჩვენებს, რომ მას ბიზნესზე არასწორი წარმოდგენა აქვს.
- სააკაშვილმა ორი ოპოზიციური პარტია "ბიზნესპროექტად" დაასახელა - მესამე პრეზიდენტის მტკიცებით, „ლელო“ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესპროექტია, „ახალი“ კი ძმები გილაურების ბიზნესპროექტი.
ჯაფარიძე ასევე ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა მსგავსი განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.
დღეს, ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება, ეს შემიძლია გითხრათ. სამწუხაროდ, ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე. შესაძლოა, ეს არის ასევე მცდელობა „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანა სხვაგან მოხდეს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ეს განცხადება სასამართლოში მანამ გააკეთა, სანამ პროცესზე შევიდოდა, სადაც მას და კიდევ 7 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ასამართლებენ.
რაც შეეხება საქმეს ოპოზიციონერების წინააღმდეგ, ჯაფარიძე ამბობს, ეს არის ზეწოლის მცდელობა პოლიტიკოსებზე.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვუთხარი, რომ შეხვედრიდან პრიდაპირ სასამართლოში მივდივარ-თქო. ვითარება ცნობილია, რა წინა სხდომებზე ვნახეთ, იგივეა - არც მტკიცებულება არსებობს, არც რაიმე დამადასტურებელი იმ მოგონილი ბრალდების, რაც პროკურატურამ დავალების შესრულების კუთხით წარმოადგინა. არ არსებობს და ვერც იქნება ვერაფერი, რადგან ბუნებაში არმომხდარ დანაშაულზე რა მტკიცებულება უნდა იყოს? მიზანი არის, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ლიდერების დევნა და პოლიტიკოსებმა მუქარის და ზეწოლის ფონზე არ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, მიაღწიოს წარმატებას და ჩვენმა ხალხმა ამოისუნთქოს და იცხოვროს ღირსეულად", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.