„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნება“ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რაც ანექსიურ პროცესში დანაშაულებრივ დუმილს შეიძლება მოჰყვეს
რუსეთის ანექსიის გეგმა - „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ და მისი ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გაექცევა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე იმ პოლიტიკურ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც „ცხინვალის რეგიონის ანექსიური პროცესში დანაშაულებრივ დუმილს შესაძლოა მოჰყვეს“.
გახარიას პარტია მოვუწოდებს ხელისუფლებას, გააქტიურდეს - საერთაშორისო საზოგადოებას კი მიმართავს, რომ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით და დაგმოს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.
რუსეთის ფედერაცია ფორსირებულ რეჟიმში განაგრძობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ისტორიული მიწის - სამაჩაბლოს რუსეთის ფედერაციისთვის მიერთება სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე. სწორედ ამ პროცესის ნაწილია 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება", გაგლოევის პუტინის მრჩევლად, ხოლო საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში რუსი ჩინოსნის - მარატ კამბალოვის დანიშვნა.
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ამ საგანგაშო პროცესების პარალელურად, ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დანაშაულებრივ დუმილს ინარჩუნებენ, რითაც ფაქტობრივად დაუფარავად აცხადებენ უარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ანექსიური პროცესების დაგმობაზე და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაზე ანექსიური პროცესების შესაჩერებლად საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მიზნით.
ბოლო რამდენიმე დღეა „ოცნებამ“ იკადრა ისიც, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაედანაშაულებინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების „არაღიარების პოლიტიკის“ მთავარი გარანტორები არიან. ასეთი პარტნიორების ერთ პოლიტიკურ განზომილებაში განხილვა რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც სამხედრო აგრესიით აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, ათწლეულებია სჩადის კონვენციურ დანაშაულებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ და დღემდე აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფას, გამოუსწორებლად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თაობების მიერ ათწლეულების განმავლობაში ნაშენებ სანდო პარტნიორობას.„ოცნება“ მიზანმიმართული უპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებით, საერთაშორისო ორგანიზაციების უგულვებელყოფით, მეგობრებისა და პარტნიორების ლანძღვითა და ჩამოშორებით, საქართველოს ტოვებს პირისპირ, მარტო, დაუცველად რუსეთის ფედერაციასთან.
„ოცნება“ და მისი ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გაექცევა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე იმ პოლიტიკურ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ცხინვალის რეგიონის ანექსიური პროცესში დანაშაულებრივ დუმილს შესაძლოა მოჰყვეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააქტიურდეს, მხარი დაუჭიროს ჩვენს მიერ დაინიცირებულ რეზოლუციას და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს, უზრუნველყოს საერთაშორისო მხარდაჭერის მიღება.პარტია „გახარია საქართველოსთვის” საქართველოს პარლამენტიდან მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მტკიცედ დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის დაცვაში".- განაცხადდეს გახარიას გუნდში.
ასევე ნახეთ:
- გაგლოევი ამბობს, რომ გადადის მოსკოვში, რათა "ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებას"
- ნიკოლოზ სამხარაძე ალან გაგლოევის პუტინის მრჩევლად დანიშვნის ფაქტს "სერიოზულად" არ აღიქვამს
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას დათანხმდა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის „თანამდებობიდან“ გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შეხვედრა გაიმართა. მათ ღრმა ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების რეალიზაცია განიხილეს, რომელსაც კრემლში 9 მაისს მოაწერეს ხელი.
მოგვიანებით, აღნიშნულს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “მთავრობის” ცვლილება ოკუპირებული რეგიონის რუსეთში შესაძლო შესვლას არ უკავშირდება.