შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე - ექიმები რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
ამის ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს, არც არასდროს მოუტანია, -ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმულ კითხვას.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, რა გადაწყვეტილებასაც ექიმები მიიღებენ, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური.
მისივე თქმით, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ელენე ხოშტარიას უფასო სამედიცინო დახმარებას, როგორც ეს ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში ხდება.
„მე მგონი, პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიდის, რამდენადაც შეიძლება ეს იყოს, როდესაც საქმე პერსონალურ ინფორმაციას ეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. პენიტენციური სამსახური ჩართულია, მათ შორის, არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, არამედ ქალბატონი ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლიათ მისი მონახულება. რა გადაწყვეტილებასაც ექიმები მიღებენ, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს, არც არასდროს მოუტანია. ასე რომ, თუკი ვინმე გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, მთავარია, სამედიცინო მონაცემებს და ექიმების მონაცემებს მიჰყვნენ.
რაც შეეხება სახელმწიფოს - სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ წუთებში ციხეში ელენე ხოშტარიას ექიმები - მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძე და ადვოკატი შოთა თუთბერიძე ხვდებიან. პატიმარი ქალი პოლიტიკოსის გასინჯვის შემდეგ, იოსელიანი, ქავთარაძე და თუთბერიძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს შეხვდებიან და გადაწყდება, ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ თუ არა.