საია: პატიმრის დატოვება ისეთ პირობებში, სადაც მას ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სხეულის ფუნქციების შეუქცევადი დაზიანება ემუქრება, უთანაბრდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას
პენიტენციური სამსახური ვალდებულია, დროულად უზრუნველყოს ელენე ხოშტარია ადეკვატური სამედიცინო დახმარებით და საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას კრძალავს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საია აცხადებს, რომ პატიმარს უნდა მიეწოდებოდეს იმავე ხარისხისა და მოცულობის სამედიცინო მომსახურება, რაც ნებისმიერ თავისუფალ მოქალაქეს.
ორგანიზაციის შეფასებით, თუ პენიტენციური სისტემის რესურსი პაციენტის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს მისი დროული გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა.
საია აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია და მიიჩნევს, რომ მის მიმართ მართლმსაჯულების ინსტრუმენტები პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული.
2026 წლის 17 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საპატიმროში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების შესახებ. პენიტენციური სისტემა ვალდებულია პატიმარს უზრუნველყოფდეს ზუსტად იმავე ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მოცულობის სამედიცინო სერვისებით, რაც გარანტირებულია ნებისმიერი თავისუფალი მოქალაქისთვის სამოქალაქო სექტორში (სამედიცინო მომსახურების ექვივალენტურობის პრინციპი).
სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფიზიკური კეთილდღეობა, მათ შორის, მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევით. ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობა შეიძლება გაუტოლდეს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.
როდესაც დაწესებულების შიდა სამედიცინო რესურსი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დროული გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და მისი ადეკვატური მკურნალობა, განსაკუთრებით, იმ გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა ან მისი არაჯეროვანი გაწევა ასევე გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების დარღვევას ამჯერად უკვე კონვენციის მე-3 მუხლის, წამების აკრძალვის, მიმართულებით, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვრცლად ნახეთ აქ.