8 პოლიტიკოსის საქმე - დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები საზოგადოებრივ ადვოკატებს გაიცნობენ

30.06.26 11:35
8 პოლიტიკოსის საქმე - დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები საზოგადოებრივ ადვოკატებს გაიცნობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პოლიტიკური ლიდერების პროცესი გაიმართება. დღევანდელს სხდომას 8 ბრალდებულიდან მხოლოდ ორი - ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე დაესწრებიან. მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარია და ნიკა მელია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს საპატიმროდან სასამართლოში არ გადაუყვანიათ, ხოლო მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ქვეყანაში არ იმყოფებიან. 

დღევანდელ პროცესზე 4 მოწმე პოლიციელი დაიკითხება. 

ამასთან, პოლიტიკოსებმა დღეს თავიანთი საზოგადოებრივი ადვოკატები უნდა გაიცნონ, ვინაიდან თამარ მახარობლიძემ ნიკა გვარამიას, ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძეს, მანამდე კი მიხეილ სააკაშვილსაც საზოგადოებრივი ადვოკატები დაუნიშნა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის პროცესზე მისთვის დანიშნული ადვოკატის გასაცნობად მივიდა. 

მე მოვედი, რომ გავიცნო ჩემი სახაზინო ადვოკატი, მაინტერესებს ვინ არის. პროცესზე ალბათ იქნება ისევ მოწმეების დაკითხვა იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით მაგ სტადიაზე ვართ, რამე ახალს და განსაკუთრებულს არ ველი. პოლიციელები ჰყვებიან თავიანთ ჩვენებებში ერთი და იმავეს, რომ დაგვინახეს სადღაც ხალხში როგორ ვიდექით, არ ახსოვთ რა გვეცვა, არ ახსოვთ სად ვიდექით, არ ახსოვთ სცენა იყო თუ არა, არ ახსოვთ მიკროფონი იყო თუ არა. ყველა პოლიციელი წერს ესე - ზურა ჯაფარიძე, იგივე გირჩი - შეიძლება დაიჯერო რომ მთელი პოლიცია ესე მიცნობს? გადაწერილი აქვთ ერთმანეთისგან. ჩემზე რა, ბადრიზეც ჰყვებოდა, მელიაც, გვარამიაც ახსენა, რომ ჟესტებით რაღაც, რომ ვკითხეთ ჟესტი რა არის ხელით ვანახებდით, თუ ასე ვეუბნებოდით წამო წამომყევით-თქო, ყველაფერზე პასუხია - არ ვიცი.

აქ საუბარი არის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე. ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში. თვითონ ყვებიან, რომ ნახეს რაღაც წარმოუდგენელი დანაშაული, სახელმწიფოს როგორ ვამხობდით და არც სამსახურში მივიდნენ, არც უთხრეს სამსახურში, რომ ასეთი რამე შევამჩნიეთ, მეტიც არც მივიდნენ და უთხრეს, რომ... პირობითად მე ვარ პოლიციელი - დავინახე ვიღაც გიჟი პოლიტიკოსი, რომელიც რაღაცას აშავებს. ხომ წავალ სამსახურში და ვიტყვი, რომ იქ რომ ვიყავი დავინახე ზურა ჯაფარიძე იდგა და არ ვიცი ხელით თამაშობდა, ყვიროდა თუ რას შვრებოდა და იქ კამერა აყენია და მოდი ამოვიღოთ ეს ჩანაწერები და კადრი გვექნება, სადაც ზურა ჯაფარიძე, ან ბადრი ჯაფარიძე, ან ნიკა გვარამია... ამას აშავებს და ეს კადრი ჩაიდებოდა მტკიცებულებად. არცერთი ეგეთი კადრი არ არსებობს, არცერთი ჩანაწერი არ არსებობს, სადაც რამე ეგეთი ხდება. რა ჩანაწერებიც არის, იქ ეთერში ვზივარ და ან თქვენთან ვდგავარ და რაღაცას ვლაპარაკობ," - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ნიკა გვარამიას უფლებადამცველის, ქეთევან ჩომახაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაა. 

ერთადერთი მიზეზი აქვს და მიზანი მოსამართლეს, ჩქარობს და უნდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროს. ამიტომ, მისი შეხედულებით ის თავს იზღვევს ამით, რომ მოქმედი ადვოკატების პირობებში ნიშნავს სახაზინო ადვოკატებს, რაც ჩემი აზრით, სახელმწიფო სახსრების ხარჯვაა, გაფლანგვა, ჩვენი, ყველას გადასახადების ფლანგვაა იმიტომ, რომ რეალურად არ არსებობს ამის მიზეზი, არცერთ ბრალდებულს არ მოუთხოვია სწრაფი მართლმსაჯულება, არ არის საპატიმრო ვადა, რომელიც თავის მხრივ არ წწარმოადგენს ხოლმე ასეთი სიგიჟეების ჩადენას, მაგრამ ამ პირობებში მოსამართლის ქცევას აქვს ერთადერთი ახსნა, მას ეჩქარება გადაწყვეტილების მიღება და რაც შეიძლება სწრაფად პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვება," - ამბობს ქეთი ჩომახაშილი. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.