რუსული სათვალთვალო ტექნოლოგიები საქართველოში - საია შსს-სგან განმარტებას ითხოვს
სახის ამომცნობი სათვალთვალო კამერების შესახებ Algorithmwatch-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციია საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
- Algorithmwatch-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს შსს სახის ამომცნობ სისტემას ყიდულობს რუსული კომპანიისგან, რომელსაც რუსეთის კანონმდებლობით, ვალდებულება აქვს, ითანამშრომლოს უშიშროების სამსახურთან.
განცხადების მიხედვით, „ქართული ოცნება“ პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ბოლოდან აქტიურად იყენებს ისეთ სათვალთვალო ტექნოლოგიებს, რომელთა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობაზეც საია-მ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება."
საია-ში ამბობენ, რომ Algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება დამატებით შეკითხვებს აჩენს მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„Algorithmwatch გერმანიაში დაფუძნებული საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებებთან და სამართლიანობასთან ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების შესაბამისობის საკითხზე მუშაობს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით, 2013 წლიდან საქართველოს შსს სახის ამომცნობ სისტემას რუსული კომპანიის, Papillon AO-სგან ყიდულობს. ორგანიზაციის მიხედვით, Pappilon AO დასანქცირებულია უკრაინის, შვეიცარიის, იაპონიის და აშშ-ს მიერ, მის პროდუქტებს ძირითადად რუსეთი და მისი
მოკავშირე სახელმწიფოები იყენებენ და მას, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულება აქვს, ითანამშრომლოს რუსეთის უშიშროების სამსახურთან (FSB-სთან).
ორგანიზაციის მიხედვით, სათვალთვალო სისტემა ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ხუთჯერ განახლდა და ბოლოს ლიცენზია 2024 წლის ოქტომბერში მიიღო. შსს-ს მიერ შეძენილი უახლესი განახლება, Polyface 3.7.0, 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიეწოდა სამინისტროს. Polyface ეფუძნება ამოცნობის ღრმა სწავლების ალგორითმს (deep learning recognition algorithm), რომელიც შეიმუშავა ნოვოსიბირსკში დაფუძნებულმა და რუსეთის სახელმწიფო ვენჩურული ფონდის მიერ დაფინანსებულმა ხელოვნური ინტელექტის რუსულმა კომპანიამ 3DiVi-მ.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტრომ პირდაპირ მოითხოვა ლიცენზიები ოპერატორთა შეუზღუდავი რაოდენობისთვის. მანამდე, 2025 წლამდე, სისტემა ერთდროულად მაქსიმუმ 30 ოპერატორის მუშაობას უჭერდა მხარს. ეს ცვლილება მიუთითებს სამინისტროს მზარდ საჭიროებაზე, აკონტროლოს უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციები.
Algorithmwatch-ის მიხედვით, სახეების იდენტიფიცირებისთვის სისტემა იყენებს ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც სამოქალაქო რეესტრში დაცულ ფოტოსურათებზე წვდომას უზრუნველყოფს. პროგრამას ასევე შეუძლია შედარება წინასწარ ატვირთულ ფოტოებთან, მათ შორის სოციალური მედიისა და სხვა გარე წყაროებიდან მიღებულ გამოსახულებებთან. პუბლიკაციის მიხედვით, ეს ფუნქცია სამინისტრომ 2024 წელს მოითხოვა, რაც მიუთითებს, რომ სხვადასხვა პლატფორმიდან მონაცემების გამოყენებით ზედამხედველობა სისტემის ერთ-ერთ მიზნობრივ ფუნქციად იყო გათვალისწინებული”,- ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი შეფასებით, „ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება, მათი მახასიათებლების შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების ნაკლებობის პირობებში, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, ცალსახად პროტესტის ჩახშობას, შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის ადამიანების დასჯას და საზოგადოებაში მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება”.
"დემონსტრანტთა დევნის და ტროტუარზე მშვიდობიანად დგომისთვის მათი დაკავების ნაცვლად, წესით, „სახელმწიფო ნაბიჯებს უნდა დგამდეს, მათ შორის, შსს უნდა აკეთებდეს განმარტებებს algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ” - წერს ორგანიზაცია.
„Algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება კიდევ უფრო აღრმავებს ისედაც არსებულ შეშფოთებას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ მიზანმიმართული და არალეგიტიმური მეთვალყურეობის შესახებ. გარდა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა პერადი ცხოვრების უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების უხეში დარღვევისა, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიუთითებს ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში სენსიტიური ინფორმაციის მოხვედრის რისკზე”,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
სრული განცხადება იხილეთ ბმულზე: