ევროკავშირის ლიდერების სამხრეთკავკასიური ტურნე საქართველოს გარეშე ჩაივლის
ევროკავშირის ლიდერების სამხრეთკავკასიური ტურნე საქართველოს გარეშე ჩაივლის - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სამხრეთ კავკასიას ეწვევა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ჯერ ბაქოში ჩავა, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. შემდეგ კი სომხეთში გადავა, სადაც ნიკოლ ფაშინიანთან ერთად 4 ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. ესენია:
- მშვიდობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში;
- სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობა;
- რუსული გავლენების შემცირება სამხრეთ კავკასიაში;
- სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.
- ამავდროულად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და კომისარი მარტა კოსი თურქეთში იმყოფებიან. ვიზიტის მთავარი მიზანი ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობების გაღრმავებაა.
ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოს დასავლელი ლიდერების თვალთახედვის მიღმა დარჩენაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, "რომ არა ქოცები, რა თქმა უნდა ურსულა ფონ დერ ლაიენი არათუ რამდენიმე საათს გამონახავდა - თბილისში დაიწყებდა და თბილისში გააკეთებდა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ განაცხადს".
საქართველო იყო, ტრადიციულად, ამ რეგიონის პოლიტიკური დედაქალაქი, წამყვანი ენერგია ნებისმიერი პოლიტიკური დინამიკის კონტექსტში, ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის იყო პირველი, სადაც ნებისმიერი ამ კალიბრის პოლიტიკოსი ჩამოვიდოდა წარსულში და ის, რომ დღეს ეს ასე აღარ არის და არათუ პირველ რიგში, საერთოდ აღარ ჩამოდიან თბილისში, ეს რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, როგორი რიტორიკა და პრაქტიკა გააჩნია ამ რეჟიმს. რომ არა ქოცები, რა თქმა უნდა ურსულა ფონ დერ ლაიენი არათუ რამდენიმე საათს გამონახავდა - თბილისში დაიწყებდა და თბილისში გააკეთებდა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ განაცხადს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში, მაგრამ ის, რომ ქოცები არიან რუსები, ის, რომ ქოცებმა ჩაგვფლეს ჩვენ იზოლაციის ჭაობში არის მიზეზი იმისა, რატომაც საერთოდ აღარ იყურება ჩვენკენ, არც ევროკომისიის პრეზიდენტი, არც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არც ვიცე-პრეზიდენტი და არც ევროკავშირის ლიდერები," - ამბობს გრიგოლ გეგელია.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო ივანიშვილის ხელში ყველაზე არასანდო პარტნიორად იქცა.
ჩვენ ეს ვიხილეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს შემთხვევაშიც, როდესაც ის იმყოფებოდა ერევანში, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში არ ჩამოვიდა. საქართველო ივანიშვილის ხელში იქცა ყველაზე არასანდო პარტნიორად, რომელიც ზურგს აქცევს საკუთარ სტრატეგიულ მეგობრებს და ნაცვლად მათთან მეგობრობისა, ფსევდო მეგობრებად ირჩევს კომუნისტურ ჩინეთს, ტერორისტულ ირანს და ოკუპანტ რუსეთს. ბუნებრივია ეს ხსნის იმას, რომ მსოფლიო ლიდერები ჩამოდიან რეგიონში, მაგრამ გვერდს უვლიან თბილისს, სამწუხაროდ," - თქვა თინა ბოკუჩავამ.
პარტია "დროას" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, რომ ევროკკავშირს ჩვენი რეგიონის მიმართ უდიდესი ინტერესი აქვს, რითაც საქართველო სარგებელს ვერ ნახულობს.
საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც აქვს ამ ქვეყნის ინტერესების ღალატის პოლიტიკა. ეს ღალატი გულისხმობს შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირის ქვეყნებისგან, ზოგადად ევროკავშირისგან საქართველოს სრულ დისტანცირებას და საერთოდ არ მიკვირს, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება არ არის პარტნიორი, ეს ფაქტობრივი მოცემულობაა. სამაგიეროდ ევროკავშირს აქვს უდიდესი ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი რეგიონის მიმართ არის მოპყრობილი, რითაც სარგებლობენ ჩვენი მეზობლები, მაგრამ ვერავითარ სარგებელს ვერ ნახულობს საქართველო და ეს ამბავი არის კიდევ ერთი მკაფიო ილუსტრაცია ამ ყველაფრის," - ამბობს გიგა ლემონჯავა.