მოვითხოვთ "ოცნებისგან", ჟენევის მოლაპარაკებებზე მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი - "გახარია საქართველოსთვის"
პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) 67-ე რაუნდზე საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი დააყენოს.
ამასთან პარტია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მოუწოდებს, დაგმონ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის - 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მორიგი უხეში დარღვევა.
დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) 67-ე რაუნდი იწყება.
წინა რაუნდის შემდეგ, მოსკოვმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი, რომელიც მის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
ანექსიის ეს ახალი ფაზა ე.წ. „მოკავშირეობრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ“ 9 მაისის შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო, რასაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ხელმძღვანელად რუსი მოხელის დანიშვნა მოჰყვა.
ამ ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლება სრულ დუმილს ინარჩუნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ამ აშკარა დარღვევაზე და უარს ამბობს ანექსიის დამგმობი რეზოლუციის მხარდაჭერაზეც კი. “ოცნება” დანაშაულებრივი დუმილითა და უმოქმედობით, კოლაბორაციონისტული პოლიტიკით ხელს უწყობს ოკუპანტის ინტერესების განხორციელებას.
ჟენევის დისკუსიები წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც საქართველო რუსეთთან კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას განიხილავს და სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მონაწილეობენ.
შესაბამისად:
მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი.
მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, დაგმონ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის - 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მორიგი უხეში დარღვევა," - წერია განცხადებაში.