ენმ-ში რეფორმები დაიწყო - პარტია წევრებისთვის მართვის ახალ მოდელს ნერგავს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული ცვლილებების განხორციელება დაიწყო. პარტიის ლიდერებმა დღეს მართვის ახალი მოდელი წარადგინეს და წევრებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად სპეციალური აპლიკაცია შესთავაზეს. ოპოზიციის განცხადებით, ეს პარტიის ღია და დემოკრატიული მართვისკენ გადადგმული ნაბიჯია. ახალი ინიციატივის პრეზენტაციას არ დასწრებია პარტიის მოქმედი თავმჯდომარე.
რა შეიცვლება პარტიის შიგნით და როგორ იმუშავებს ახალი სისტემა, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთვება არა ვიწრო პარტიული წრე, არამედ ათასობით წევრი სპეციალური ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით.
სიახლე აქ არის შემდეგი, რომ პარტიის წევრები შემოვიდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აქ საუბარი არ არის პარტიის წევრების რაღაც კონკრეტულ წრეზე. აქ საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" ათასობით წევრზე, რომელიც სპეციალური, ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით შემოვა პროცესში, - ამბობს ან წითლიძე.
კითხვაზე, რატომ არ დაესწრო ღონისძიებას პარტიის მოქმედი თავმდჯომარე, წითლიძემ გვიპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
არ ვიცი რატომ არ იყო თინა ბოკუჩავა, ვერ გეტყვით ნამდვილად, ამასთან დაკავშირებით მე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ცხადია, ჰქონდა ინფორმაცია, - ამბობს წითლიძე.
ამასთან, წითლიძემ არ გამორიცხა, რომ თავმჯდომარეობაზე იყაროს კენჭი.
არასდროს ჩემი მიზანი არ ყფილა ენმ-ს თავმჯდომარეობა. და რატომ არ ყოფილა? იმიტომ, რომ ამ პარტიას ჰყავს ერთი თავმჯდომარე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. წლების პარტიის წევრები პარტიაში ვითხოვთ მმართველობის ისეთი მოდელის დაფუძნებას, რომელიც სწორედ ჰორინტალურ მმართველობაზე იქნებოდა და სადაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ფართო წევრების ჩართულობით. ამიტომ მე თუ ვნახავ, რომ რომელიმე კანდიდატს შეუძლია და გააკეთებს და დავრწმუნდები ამაში, რომ აი, ეს რეფორმა განახორციელოს, ანუ ჩემი მხარდაჭერა და მივირებ თუ არა მე მონაწილეობას, იქნება ამაზე დამოკიდებული. მე დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, მაგრამ მე თუ ვნახავ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას ოდნავი რაღაცა მაინც აკლდება, მე მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას იმის, რომ მე მათ შორის ვიყარო კენჭი, - ამბობს წითლიძე.
მართვის ახალ მოდელთან ერთად, პარტიაში განხილვის თემად რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციურ ალიანსში ყოფნის საკითხიც. სწორედ ამ დისკუსიას გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. მისი შეფასებით, მთავარი პრობლემა ალიანსში დარჩენა თუ გამოსვლა კი არა, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და "ოცნების" ხელისუფლებაზე შეტევაა.
ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას თუ გამოსვლას ეხება:
მნიშვნელობა არ აქვს, „შევალთ“ თუ „გამოვალთ“. მნიშვნელობა აქვს იმას, რა დღის წესრიგს ვქმნით. მთავარია, რას ვაკეთებთ, ვქმნით თუ არა დღის წესრიგს და ვუტევთ თუ არა ივანიშვილს. თუ დღის წესრიგს შევქმნით, მერე სხვები თავად გადაწყვეტენ, არიან თუ არა ამ საქმეში.
ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ეს „შედი-გადი“ ამბავი. თუ სადმე მივდივართ და ვმოძრაობთ, სხვებმა თავად გადაწყვიტონ, გამოგვყვებიან თუ არა. „შედი-გადი“ ნიშნავს ადგილზე ბუქსაობას, დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას.
შევუდგეთ საქმეს, შევქმნათ დღის წესრიგი და ეს უაზრო დისკუსიაც დასრულდება.
ბავშვურად გამოიყურება, რომ ალიანსი სამი თვის წინ შეიქმნა, ხოლო უკვე ოთხი თვეა გაუგებარი დისკუსია მიმდინარეობს - შევიდეთ, გამოვიდეთ თუ საერთოდ რა ვქნათ. ეს იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ.
აბა, საქმეს მივხედოთ და თუ ამის შემდეგაც დადგება ეს საკითხი, მაშინ ვიმსჯელოთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება. მერე ნახავთ, როგორი ალიანსი ჩამოყალიბდება გარშემო - უფრო ფართო, ძლიერი და ქმედითი.
ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, ის თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს“…
რეალურად, დრო ცოტა გვაქვს და მასაც გამოგონილ დილემებზე ვკარგავთ. საქმეს მივხედოთ. საქმეს, - წერს ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში.