"გახარია საქართველოსთვის" წევრებმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილობითაც მიმართეს
გენერალურ პროკურატურაში გიორგი გახარიას პარტიის წევრები მივიდნენ. ისინი უწყებას წერილობით მიმართავენ და ითხოვენ, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
პარტიაში აცხადებენ, რომ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე სამართლებრივი რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მომხდარი იყო წინასწარ დაგეგმილი და განხორციელებული.
ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც მოვედით, მოვიტანეთ განცხადება იმს სიტემურ დანაშაულთან დაკავშირებით, იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც ყველამ ვიხილეთ ტელეკრანებიდან 26 ივნისს საქართველოს პარლამენტში, როდესაც ორგანიზებულად, წინასწარ დაგეგმილი აქტით განხორციელდა ჩვენს ფრაქციაზე ძალის გამოყენება. ის მოძალადეები, რომელთა სახეები ყველამ ძალიან კარგად პირდაპირ ეთერში დაინახა, დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულები, არ არის შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გაცემული ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდით 4 დღის განმავლობაში, თუმცა საქართველოს პროკურატურა დუმს, მაშინ, როდესაც ეს ძალადობა განხორციელდა შს მინისტრის თანდასწრებით და ასევე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების თანდასწრებით, დღემდე არ არის პასუხის გაცემული, მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი ციხეშია გამოკეტილი იმის გამო, რომ მოძალადე პოლიციელს სილა გააწნა, მაშინ, როდესაც 4 შვილის დედა, ელენე ხოშტარია არის ფლომასტერით წინასაარჩევნო ბანერის გაფერადებისთვის ციხეში გამოკეტილი და მაშინ, როდესაც დღემდე არ არიან ის მოძალადეები დასჯილები, რომლებმაც 500-მდე ადამიანის ძალადობა პირდაპირ ეთერში გვანახა 2024 წლის ნოემნებრი-დეკემბრის განმავლობაში, და ამ ვითარებაში, როდესაც "ოცნება" დაემსგავსა ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ძალადობს მუდმივად, ჩვენ ვითხოვთ პასუხის გაცემას ყველა იმ ძალადობაზე, რომელსაც ახორციელებს "ოცნება", - ამბობს ტატა ხვედელიანი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
- 1. არჩილ გორდულაძე
- 2. ლაშა ტალახაძე
- 3. ლევან მაჭავარიანი
- 4. ირაკლი ხელაძე
- 5. ირაკლი კირცხალია
- 6. გენო პეტრიაშვილი
- 7. ვასილ ჩიგოგიძე
- 8. ზუკა რურუა
- 9. სავალან მირზოევი