321 ათასი დოლარი ქეშად და იპოთეკა "ქართუ ბანკში" - რა წერია ნათია თურნავას ქონებრივ დეკლარაციაში
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის ნაღდი ფულის სახით 321 ათას აშშ დოლარსა და 35 ათას ევროს ფლობს.
დეკლარაციაში ასახულმა მონაცემებმა საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რატომ ინახავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ მოცულობის თანხას ნაღდი ფულის სახით, მაშინ როცა მისი ინვესტირება ან საბანკო პროდუქტებში განთავსება შესაძლებელია.
საკითხზე შეფასებები უკვე გაკეთდა ექსპერტების ნაწილმაც. მათი მოსაზრებით, ნაღდი ფულის შენახვის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შესაძლოა საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მცდელობა იყოს. სწორედ ამ სავარაუდო მიზეზზე ამახვილებს ყურადრებას ეკონომისტი პაატა ბაირახტარიც.
ადამიანი როდესაც ქეშს ანიჭებს უპირატესობას განვითარებულ სამყაროებში, მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს ცოტა უცნაურად მოსჩანს და ამას ყოველთვის აქვს ხოლმე გარკვეული მიზნები და ყოველთვი რაღაც ქვეტექსტებ ატარებს. მათ შორის ეს შეიძლება იყოს განპირობებული თუნდაც სანქციების შიშით და ამისგან თავის გადაზღვევის საშუალება იყოს. ქეშად როდესაც გიდევს, იმ ქეშს სანქცია ვერ მოვა და ვერ წაიღებს, მაგრამ ამ რეალობაში გაცილებით უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვდგებით ინსტიტუციურად, ახლა თუ ვსაუბრობთ ასეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დასანქცირებაზე, ეს გაცილებიტ უფრო დიდი დარტყმაა ზოგადად ქვეყნისთვის და მთლიანად საფინანსო სექტორისთვის, ვიდრე, მაგალითად, ერთი კონკრეტული ადამიანის დანაზოგი, - ამბობს პაატა ბაირახტარი.
კითხვებს აჩენს არა მხოლოდ ნაღდი დანაზოგები. დეკლარაციაში მითითებულია „ქართუ ბანკიდან“ აღებული იპოთეკური სესხიც. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დიდი მოცულობის თანხის ქეშად შენახვა ფინანსურად გაუმართლებელია, ხოლო „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებული სესხების პრაქტიკა დამატებით კითხვებს ბადებს.
ფინანსების პირველ ლექციაზე სტუდენტები სწავლობენ, რომ ქეშის შენახვა, სეიფში იქნება ეს თუ სახლში, დაკარგული შემოსავალია, აქედან გამომდინარე, ფინანსურად გაუმართლებელი ქცევა და წესით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ამის შესახევ ცოდნა, რაღაც კონკრეტული ახსნა აქვს ამ ქმედებას. ნათია თურნავა განიხილავს შესაძლებლობას, რომ დასანქცირდეს და შესაბამისად, ამ გზით თვლის, რომ ეს არის მისთვის უფრო უსაფრთხო გზა მისი დანაზოგების არდაკარგვის. ქართუში იპოთეკური სესხი, ეს არის უკვე, ამაზე წიგნები დაიწერება, რადგა, ფაქტობრივად, შენ ვერ იქნები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი თუ ქართუში იპოთეკური სესხი არ აიღე. ქართუ ბანკი არის "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ბუტიკური ბანკი, რომელიც ემსახურება დიდწილად მათ და ძალიან საინტერესოა, რამდენად საბაზრო პირობებით ემსახურება. ვვარაუდობ, რომ შეღავათიანი პირობებით ხდება სესხების გაცემა და საერთოდ ხდება თუ არა ამ სესხების უკან დაბრუნება, აქაც კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.