მასშტაბური განახლება ენმ-ში - ვინ იბრძოლებს პარტიის თავმჯდომარეობისთვის
„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური განახლებისთვის ემზადება. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, პარტიის ლიდერების ნაწილმა დღეს ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც პარტიის მართვაში რიგითი წევრების უფრო აქტიურ მონაწილეობასა და შიდა დემოკრატიის გაძლიერებას ითვალისწინებს.
თუმცა, პრეზენტაციას არ დაესწრო პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. მისი არყოფნა მაშინვე გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბოკუჩავა წარმოდგენილ კონცეფციას არ იზიარებს? პარტიაში ამბობენ, რომ თავმჯდომარე ღონისძიების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა რატომ არ მივიდა, მათთვის უცნობია.
განახლების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ანა წითლიძემ, დღეს არც ის გამორიცხა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში თინა ბოკუჩავას კონკურენტი იყოს.
თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს იწურება. ამ დროისთვის უკვე უნდა გახდეს ცნობილი, ვინ იბრძოლებს პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის. თავად ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიაში რჩება და საკუთარ კანდიდატურასაც არ გამორიცხავს.
თავმჯდომარეობის სურვილი უკვე გამოთქვა პარტიის ერთ-ერთმა ძველმა წევრმა, თემურ გრიგალაშვილმა. პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიაში ვარაუდობენ, რომ კანდიდატთა სია კიდევ გაიზრდება.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.