ანგარიშსწორება პარლამენტში და პროკურატურის დუმილი - გახარიას გუნდი სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს
გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე ანგარიშსწორების ფაქტს პროკურატურა ამ დრომდე არ იძიებს. მომხდარიდან ხუთი დღე გავიდა, თუმცა უწყებას საკუთარი უმოქმედობა არ განუმარტავს.
დღეს ოპოზიციურმა პარტიამ გამოძიების დაწყება ოფიციალურად მოითხოვა და განცხადებით პროკურატურას მიმართა. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ რამდენიმე გარემოება მათ არწმუნებს - თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო.
გახარიას გუნდს იდენტიფიცირებული ჰყავს „ქართული ოცნების“ 12 დეპუტატი, რომლებიც, მათი თქმით, პარასკევს სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ფარულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კადრებში ჩანს, როგორ მიდიან მმართველი პარტიის დეპუტატები ფარულავასთან რიგრიგობით და ურტყამენ.
ამ ყველაფერს რამდენიმე მეტრის დაშორებიდან თვალს ადევნებდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ძალადობას ისინი უმოქმედოდ უყურებდნენ.
თავდასხმაში მონაწილე არჩილ გორდულაძე კვლავ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. სადეპუტატო მანდატს ინარჩუნებს ლაშა ტალახაძეც. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა სპორტსმენმა საკუთარი ძალა დეპუტატის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა ბოდიშის მოსახდელად ძალა არ ეყო.
"ოცნების" გუნდის სხვა წევრები ბოდიშს იხდიან, თუმცა პასუხისმგებლობას ისევ გახარიას გუნდს აკისრებენ. რომ მომხდარს, შესაძლოა, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვეს, ამაზე ცოტნე ივანიშვილის კომენტარიც მიანიშნებს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.