მტკიცებულებების შეუსაბამობა ელისაშვილის საქმეში - რა აჩვენა ექსპერიმენტმა?
ე.წ. „ძაღლების საქმეზე“ მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, "პირველებმა" თავად გაიარა მარშრუტი, რომელიც საქმეში ერთ-ერთ მთავარ ეპიზოდად ფიგურირებს — კვანტალიანის ქუჩიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე. ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა, რეალურად რამდენი დრო სჭირდება ამ გზის გავლას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფეხით გადაადგილების შემთხვევაში ამ მარშრუტის დაფარვას დაახლოებით 50 წუთი სჭირდება. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილი ერთსა და იმავე დროს ჯერ კვანტალიანის ქუჩაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოსთან დანაშაულს სჩადიოდა.
პროკურატურის იმ ვიდეომტკიცებულების დეტალურმა შესწავლამ, რომელიც აქამდე არ საჯაროვდებოდა, კიდევ ერთი შეუსაბამობა გამოავლინა. კვანტალიანის ქუჩაზე გადაღებული კადრები 5 მაისის 03:47 საათით თარიღდება, ხოლო ვიდეო, რომელიც, ბრალდების ვერსიით, სასამართლოსთან დანაშაულის ჩადენის მომენტს ასახავს, 03:48 საათზეა გადაღებული.
ანუ, თავად ბრალდების მტკიცებულებების მიხედვით, ამ ორ ეპიზოდს შორის მხოლოდ ერთი წუთია. სწორედ ეს აჩენს მთავარ კითხვას - როგორ შეძლებდა ელისაშვილი ერთ წუთში კვანტალიანის ქუჩიდან საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე აღმოჩენას, მაშინ როცა ამავე მარშრუტის ფეხით გავლას დაახლოებით 50 წუთი სჭირდება? ამ წინააღმდეგობაზე სასამართლოში ყურადღებას დაცვის მხარეც ამახვილებს.
ე.წ. „ძაღლების ეპიზოდში“ კითხვებს მხოლოდ ვიდეომასალა არ აჩენს. დაცვის მხარის თქმით, ეჭვს იწვევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება - სამსახურებრივი ძაღლების მონაწილეობით ჩატარებული კვლევა.
ადვოკატების განმარტებით, ექსპერტიზა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ჩატარდა, თუმცა საქმის მასალებში არ არის განმარტებული, როგორ შეძლო სამსახურებრივმა ძაღლმა სველი ნიმუშიდან სუნის იდენტიფიცირება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს გარემოება მტკიცებულების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საქმის მიმართ არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.