„ნიკა გილაურის ყოფნა „ახლების“ მთავარ დამფინანსებლად, ივანიშვილის მიერ ენმ-ს წინააღმდეგ დაფინანსებას ნიშნავდა“ - წითლიძე

01.07.26 13:50
„ნიკა გილაურის ყოფნა „ახლების“ მთავარ დამფინანსებლად, ივანიშვილის მიერ ენმ-ს წინააღმდეგ დაფინანსებას ნიშნავდა“ - წითლიძე

კოალიცია „ახლების“ მთავარი დამფინანსებელი ნიკა გილაური, რეალურად, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა და ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მის დაფინანსებას ნიშნავდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე კიდევ უფრო მეტი აქვს სათქმელი და „სიმართლის თქმას“ ოპოზიციური ველის გაჯანსაღებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. 

სიმართლე იყო შემდეგი, რომ ნიკა გილაურის ყოფნა მთავარ დამფინანსებლად კოალიცია "ახლების", ნიშნავდა ბიძინა ივანიშვილის მიერ "ახლების" დაფინანსებას "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. თითონ ყვებოდნენ კოალიციის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ, რომ გილაური იქნებოდა რაღაც ოქროს გასაღები ბიძინა ივანიშვილთან, რაღაც მის შუალედურ პრემიერობაზე და ა.შ. მე მახსოვს სამეგრელოში უბნები რომ დაიხურა და პირველადი შედეგები გამოცხადდა, ზეიმობდნენ ფოიერვერკებით. ზეიმობდნენ იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტი დაუწერა მათ ბიძინა ივანიშვილმა. შესაბამისად, კარგია ეს სიცხადე. კიდევ უფრო მეტი აქვს სალაპარაკო მიხეილ სააკაშვილს და რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ სიმართლეს, მითუფრო მარტივი იქნება ბრძოლა და მითუფრო ნაკლები შანსი ექნება ივანიშვილს, რომ თავისი საცეცები ჰყავდეს შემდეგ ოპოზიციურ ველზე, - ამბობს წითლიძე. 

მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა გილაურთან მოლაპარაკებები არ ჰქონია. მისივე მტკიცებით, გილაურმა 30 მილიონი დოლარი გადაიხადა, რათა ტელეკომპანია „მთავარს“ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა არ გაეშუქებინა. სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ „მთავარი არხის“ შექმნა მის სახლში, კიევში დაიგეგმა, ხოლო ტელევიზიის დასაფინანსებლად მისი ოჯახის ქონებაც გაიყიდა. მისი თქმით, 2024 წლის არჩევნების პერიოდში არხმა მისი სასამართლო პროცესების გაშუქებაც შეწყვიტა.