ირაკლი კობახიძის გამოსვლის ფონზე შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის საელჩო დემონსტრაციულად დატოვა

01.07.26 21:53
ირაკლი კობახიძის გამოსვლის ფონზე შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის საელჩო დემონსტრაციულად დატოვა

"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარემ, შლავა ნათელაშვილმა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ სიტყვის წარმოთქმა დაიწყო, აშშ-ის საელჩო დემონსტრაციულად დატოვა. 

მისი თქმით, "ტრიბუნაზე აღემართა პრემიერ-მინისტრად წოდებული, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული, ინვესტიციაჩადებული მონა" მან შეკრება დატოვა, რაც "სავსებით სწორი და ბუნებრივი რეაქცია" იყო. 

შალვა ნათელაშვილმა განმარტა, რომ "სახეზე გვაქვს გეო-პოლიტიკური ორსახოვანი იანუსობა" - დღეს, ირაკლი კობახიძე ამერიკულ ღირებულებებს აქებს, ხოლო ხვალ ყაველაშვილი თეირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება. 

მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ ამერიკელ ხალხს, ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, საელჩოში გაიმართა დიდი მიღება, დავესწარი პირველ ნაწილს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოვიდა ძალიან საინტერესო სიტყვით, მაგრამ როდესაც ტრიბუნაზე აღემართა პრემიერ-მინისტრად წოდებული, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული, ინვესტიციაჩადებული მონა, მე, რა თქმა უნდა, დავტოვე დემონსტრაციულად ის შეკრება, თანაც არა ჩუმი კუთხეებით, არამედ პირდაპირ სადაც განლაგებული იყო ამათი შეიარაღებული ძალების გენერლები, თუ ვიღაც დიდი მილიციელები, მათი თანდასწრებით და მათი კორდონის გავლით. ეს სავსებით სწორი და ბუნებრივი რეაქცია გახლდათ, ამერიკელებისთვისაც, დარწმუნებული ვარ და ქართველი ხალხისთვის მით უმეტეს, რადგან დღეს, პრემიერ-მინისტრად წოდებული ეს არსება გამოდის იქ და აქებს ამერიკას და ამერიკულ ღირებულებებს, ხოლო ხვალ პრეზიდენტად წოდებული ფეხბურთელი, ასევე დაქირავებული ივანიშვილის მიერ, ჩავა თეირანში, დაესწრება აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას, "სიკვდილი ამერიკას" ყვირილის ფონზე და ამით გამოწვეული აპლოდისმენტების გარემოში. სახეზე გვაქვს გეო-პოლიტიკური ორსახოვანი იანუსობა [ორპირობა, ფარისევლობა], ანუ გაორებულები არიან, გასამებულები არიან და საბოლოოდ, გაჯიბისტებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტი მოიპარონ ქართველი ხალხისგან, ჩაიდონ ჯიბეში და დაუტოვოთ თავიანთ გაუმაძღარ შთამომავლობას," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.