რატომ არ სჯერათ კობახიძის გულწრფელობის?
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძის მიერ, აშშ-ის საელჩოში, მიღებაზე „ურთიერთობის გადატვირთვის“ აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადება, შიდა აუდიტორიისთვის იყო გათვლილი.
აქუბარდია "ქართული ოცნების" ლიდერებს მარკო რუბიოს გზავნილს ასსენებს, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებენ "საქართველოს ტრაექტორიის ცვლილების დანახვას".
ქართული ოცნების რიტორიკა, ორი წლის მანძილზე უცვლელია, ისევე როგორც ქცევის და ტრაექტორიის შეუცვლელობა. შესაბამისად, გუშინდელი განცხადებაც იყო მხოლოდ და მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე გათვლილი, იმ მოლოდინების გაჩენის, რასაც ბოლო ორი წლის მანძილზე ვხედავთ. რომ ქართული ოცნება არაფერს შეცვლის - იქნება ეს ჩინეთის მიმართულებით სვლა, თუ თეირანში სატირალებში განგრძობითი საუბარი"- განმარტა თეონა აქუბარდიამ.
"ქართული ოცნების" ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვევებულ გადაწყვეტილებას "პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულება" უწოდა პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ.
"იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა"- უთხრა გეგელიამ "პირველებს".
პოლიტიკოსის თქმით, „რეჟიმი ფაფხურობს და აშშ-თან დალაგებას ცდილობს, მაგრამ მეორე ხელით ყველა იმ უბედურებას სჩადის, რასაც ნორმალური ხელისუფლება არ უნდა ჩადიოდეს“.
„ეს არის პოლიტიკური შიზოფრენიის, არათანმიმდევრულობის და ძალიან დიდი გაურკვევლობის გამოხატულება, რაც თხემით ტერფამდე ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს ახასიათებს“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
რაც შეეხება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შეფასებას, შალვა ნათელაშვილი, რომელმაც მიღება დემონსტრაციულად, კობახიძის სიტყვის გამოსვლის დროს დატოვა, "პირველებთან" ამბობს, რომ "ივანიშვილი აშშ-სთან" ვაჭრობს და დასავლეთს ულტიმატუმს უყებევს.
ორსახოვანი იანუსობა ნახეთ თქვენ: ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას და ისმენს "სიკვდილი ამერიკას" შეძახილებს აპლოდისმენტების ფონზე" - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
საქართველოში, აშშ-ს საელჩოს ეზოში ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისათვის მიძღვნილი ღონისძიება გუშინ გაიმართა. ღონისძიებას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ხელისუფლების და ოპოზიციის ლიდერები დაესწრნენ.
საელჩოში შეკრებილებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა და ყურადღება გაამახვილა ფოთის პორტის გაფართოების პროექტში ამერიკულ ფინანსურ მხარდაჭერასა და იმ პროექტებზე, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეებს, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემაც. "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და „ურთიერთობის გადატვირთვის“ აუცილებლობაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ საელჩოში გამართულ მიღებას მიხეილ ყაველაშვილი არ დასწრებია.