ლაშა ფარულავა: ფასების ზრდის უკან კორუფციული სქემები და მონოპოლიები დგას
კობახიძე და "ოცნება" ხალხს ფასების შემცირებას დაჰპირდნენ, თუმცა რეალობა საპირისპიროა, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ლაშა ფარულავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც კორუფციულ სქემებს, მონოპოლიებსა და ოლიგარქიულ ინტერესებს კვებავს.
ფარულავამ ხელისუფლებას ხუთი მოთხოვნა წაუყენა.
ირაკლი კობახიძემ და „რუსულმა ოცნებამ“ ხალხს მაღალი ფასების შემცირებას დაჰპირდნენ, მაგრამ რეალობა საპირისპიროა: ფასები ყოველდღიურად იზრდება, ხალხი კი სულ უფრო ღარიბდება.
ეს შემთხვევითი არ არის, ეს არის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, სისტემა, სადაც მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული თითოეული ლარი კორუფციულ სქემებს, მონოპოლიებსა და ოლიგარქიულ ინტერესებს კვებავს.
დღეს საქართველოში ხალხის ძარცვა სამი მთავარი მექანიზმით მიმდინარეობს: საწვავის მაფიით, ენერგეტიკაში კორუფციითა და საბანკო ოლიგარქიით.
მოქალაქეები ყოველდღიურად იხდიან კორუფციის ფასს ბენზინგასამართ სადგურებზე, დენის გადასახადში და ბანკებში, სადაც მაღალი პროცენტები, ჯარიმები და საკომისიოები ათასობით ოჯახს კიდევ უფრო ამძიმებს.
საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში ფასები არ მცირდება.
იმ დროს, როდესაც მოსახლეობა ღარიბდება, იზრდება საბანკო მოგებები, იზრდება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ხელფასები და პრივილეგიები, მაგრამ არ იზრდება ხალხის შემოსავალი.
ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ:
1. საწვავის, ელექტროენერგიისა და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატების ამოღებას;
2. საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრებას;
3. 33%-ით გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის გაუქმებას;
4. საბანკო ოლიგარქიის დასრულებას, საბანკო სექტორში რეალური კონკურენციის უზრუნველყოფასა და მოქალაქეთა დაცვის გაძლიერებას;
5. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სრულფასოვან აღდგენას.
ეს არის ბრძოლა კორუფციის, მონოპოლიებისა და საბანკო ოლიგარქიის წინააღმდეგ.
საქართველო უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არა კორუფციულ კლანს, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.