დეკანოზი არსენ კვერნაძე გოგა ხაინდრავაზე: "თავად ტვინით ზიზილ-პიპილო"

16.11.26 11:25
დეკანოზი არსენ კვერნაძე გოგა ხაინდრავაზე: "თავად ტვინით ზიზილ-პიპილო"

ხელისუფლებამ ეკლესიის კრიტიკა უნდა შეისმინოს, შეცდომები აღიაროს და გამოასწოროს, რადგან ეკლესიისგან განსხვავებით, ხელისუფლება არ არის უცდომელი - ამის დეკანოზ არსენ კვერნაძემ ქადაგებისას განაცხადა. სასულიერო პირმა „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეპისკოპოსების მისამართით გოგა ხაინდრავას შეურაცხმყოფელი განცხადებებიც დაგმო და ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ეკლესიის წინააღმდეგ დაპირისპირების ნაცვლად, მისი შეგონებების გათვალისწინება მართებს.

ეკლესიის არ უნდა ისმინოს? ანუ ეკლესია რომ გამხელს, მტერია შენი? თუ პირიქით, ვიღაცის ხომ უნდა შეისმინო და ეკლესიის თუ არ შეისმინე, აბა, ვისას შეისმენ? და ზოგიერთები, ერთეულები გამოდიან, გოგა ხაინდარვები და ასეთი ადამიანები, და ნაცვლიშვილები, რომლებიც აგინებენ ჯერ მეუფეს და "ზიზილ-პიპილოები ჩამოუკიდებიათო", ხომ იცით, ეს რა ნიშნავს? უგემოვნო ჭრელა-ჭრულა სამოსს, თავად გონებით "ზიზილ-პიპილო", ღმერთმა მოიყვანოს გონებაზე. ჰოდა, ეკლესია თურმე ცდება, ვიღაცა ცდება, მაგრამ ხელისუფლება არ ცდება. არ არსებობს პიროვნება, არც ეკლესიაში, რომელიც არ ცდება, მაგრამ ეკლესია მთელი თავისი სისავსით, უცდომელია. ხელისუფლება რომ შემცდარა მთელი თავისი სისავსით, ეს გავიარეთ უკვე და ვიცით. ამიტომ, დალოცვილო, როცა გამხელენ, მიიღე სიხარულით იგი და გამოასწორე. ისტორია მაინც წაიკითხონ, გამოიარა ეკლესიამ იმპერატორები და კომუნისტები და დღეს დგას ეკლესია და მისი მთავრობები წავიდა ყველა, ბოლშევიკები, მენშევიკები, ყველა წავიდა და ეკლესია დგას. და, ნუ იქნებია ჯიქურ, ცოტა მოდრკნენ, შეისმინონ, - თქვა ქადაგებისას გუბისწყლის ფერიცვალების სახ.ტაძრის წინამძღოლმა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეპისკოპოსები გოგა ხაინდრავას მწვავე განცხადებების სამიზნე გახდნენ. გადაცემა „რეალურ პოლიტიკაში“ ხაინდრავამ ოთხი მღვდელმთავრის ქადაგებები პოლიტიკურ განცხადებებად შეაფასა და ამტკიცებდა, რომ მათი გამოსვლები წინასწარ იყო შეთანხმებული.

განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა ხელისუფლების მისამართით გამოყენებულ შეფასებას - „ურწმუნოთა ხელისუფლება“. ხაინდრავამ ეპისკოპოსები ცილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სასულიერო პირების განცხადებებს საზოგადოებაზე გავლენა არ მოუხდენია. 

ასევე ნახეთ მეუფე იობის გზავნილები: