"პრობლემა ხელისუფლებაშია, რომელსაც არ უნდა [ანაკლიის პორტის] აშენება" - ირაკლი კუპრაძე
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პრობლემა არა პორტის მშენებლობის მოდელებშია, არამედ ხელისუფლებაში, რომელსაც "არ უნდა ანაკლიის პორტის აშენება".
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არ სჯერა, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" 10 წლის განმავლობაში არ იცოდა, როგორ აეშენებინა ანაკლიის პორტი, მე-11 წელს გადაწყვიტეს, რა იყო სწორი ფორმულა.
"ისევ ახალი, სიგიჟე ფორმულა შემოაგდეს" - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი.
ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ერთი ხელისუფლება, 4 სხვადასხვა მოდელი ანაკლიის მშენებლობის და ჩავარდნილი პროექტი, შედეგი ერთადერთი - ანაკლიის პორტი არ აშენებულა და არც აშენების პერსპექტივა არ ჩანს ამ პირობებში. ჯერ იყო "ბოტის" მოდელი, შემდეგ ე.წ. PPP-ის მოდელი, ახლა არის "ლენდ ლორდის" მოდელი. მთავარი პრობლემა ან ხარვეზი მოდელში კი არ არის, ეს ყველა მოდელი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო პორტში, პრობლემა არის ხელისუფლებაში. მათ შორის, PPP-ის მოდელიც წარმატებულად მუშაობს, "ბოტის" მოდელიც. ყველა მოდელი წარმატებულად მუშაობს, განსხვავებული მიდგომებია უბრალოდ. მოდელებში არა, ხელისუფლებაშია პრობლემა, რომელსაც არ უნდა აშენება.
10 წლის განმავლობაში თუ არ იცოდნენ, როგორ აეშენებინათ პორტი, არ მჯერა, რომ 11 წლის თავზე, როცა ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა საერთოდ აქტიურ ფაზაში შევიდა, მე-11 წელს რომ გადაწყვიტეს რა არის სწორი გასაღები, სწორი ფორმულა პორტის აშენების, ამის არ მჯერა. ისევ ახალი, სიგიჟე ფორმულა შემოაგდეს. მათ ამის სურვილი არ აქვთ, ანაკლიის პორტის აშენება ამ ქვეყანაში გამოიწვევს უსაფრთხოების ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ეკონომიკის გაზრდას. მათ არ უნდათ საერთოდ ანაკლიის პორტის აშენება," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - ნავსადგური "ლენდ ლორდის" მოდელით აშენდება.