"რუსეთი საქართველოში ანაკლიის პორტის აშენებას მხოლოდ საკუთარი კონტროლის ქვეშ დაუშვებდა" - გია ხუხაშვილი
"რუსეთი საქართველოში ანაკლიის პორტის აშენებას მხოლოდ საკუთარი კონტროლის ქვეშ დაუშვებდა," - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთი ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული არ არის, ხოლო NATO-სთვის შავ ზღვაში ანაკლიის პორტი შესაძლოა სამომავლოდ, როგორც ერთ-ერთი პლაცდარმი განხილულიყო.
გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რუსეთი სუსტდება და ანაკლიის პორტს იტოვებს, როგორც ერთ-ერთ ეკონომიკურ ინსტრუმენტს, რათა გადათამაშების რესურსი ჰქონდეს.
თუ ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, რომ რუსეთს ამ ხელისუფლებაზე აქვს, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული გავლენა, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ პორტის მშენებლობით, მით უმეტეს სხვადასხვა ოპერატორების გადაცემით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ანაკლიის პორტს იდეაში არა მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულება აქვს, როგორც ეკონომიკური კვანძი დასავლეთ-აღმოსავლეთ შემაერთებელი, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც ამერიკელებისთვის სამომავლოდ ის აუცილებლად საინტერესო გახდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ NATO-ს სამი ქვეყანაა შავ ზღვაზე და მიუხედავად ამისა რუსეთი დომინირებს შავ ზღვაში... მისი საზღვაო-სამხედრო ფლოტი ყველაზე ძლიერია და აკონტროლებს მეტნაკლებად შავ ზღვას, აქედან გამომდინარე NATO ეძებს ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება რაღაც ბაზირება მოხდეს და ანაკლიის პორტი, როგორც ღრმაწყლოვანი პორტი, შეიძლებოდა სამომავლოდ და ახლაც შეიძლება იყოს განხილული, როგორც ერთ-ერთი პლაცდარმი, ამ ბალანსის აღსადგენად შავ ზღვაში.
რუსეთს არც ეკონომიკურად და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირად არ აწყობს ანაკლიის პორტის აშენება და ჩვენ ვვარაუდობთ კიდევაც, რომ თავის დროზე რუსეთის ზეწოლის შედეგად იქნა ეს პროექტი ჩაშლილი. როდესაც ჩინეთზე იყო საუბარი, ჩინეთის უკანაც, ჩემი აზრით, რუსეთი ფრონტირებული იყო ჩინეთით, რუსეთი საქართველოში ანაკლიის პორტის აშენებას მხოლოდ საკუთარი კონტროლის ქვეშ დაუშვებდა, სხვანაირად ის ამას არ დაუშვებდა.
ახლა იცვლება კონიუქტურა, ბიძინაც უყურებს, რომ რუსეთი სუსტდება, რუსეთს აქვს პრობლემები, ამიტომ ცდილობს, რომ თვითონ ეს ინსტრუმენტი, სავაჭრო ინსტრუმენტი დაიტოვოს თვითონ იმიტომ, რომ ხვალ რომ რუსეთში დიდი პრობლემები შეიქმნას და მას დასჭირდეს გადათამაშება, ამ გადათამაშების რესურსი ხომ უნდა ჰქონდეს და ანაკლიის პორტი კარგი ინსტრუმენტია, ის ასე ფიქრობს," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - ნავსადგური "ლენდ ლორდის" მოდელით აშენდება.