ანკარაში ნატო-ს სამიტი დღეს გაიხსნება
ანკარა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) 36-ე სამიტს მასპინძლობს. თურქეთის დედაქალაქში ელოდებიან 32 წევრი ქვეყნის ლიდერებს.
თურქეთში ჩასვლას აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიცვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდება.
ცნობილია, რომ დღეს დაგეგმილ ვახშამს ნატო-ს ლიდერებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდებიან.
გავრცელებული ცნობით, სამიტის ფარგლებში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ასევე ისაუბრებენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან.
ნატო-ს თავდაცვის მინისტრები კი მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრალიელ, იაპონელ, ახალ ზელანდიელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან.
- ნატო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერები სამიტზე სამ ძირითად თემას განიხილავენ: ინვესტიციებს თავდაცვაში, თავდაცვითი წარმოების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს.
„ჩვენი უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული უკრაინის უსაფრთხოებასთან. მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის უპრეცედენტო დონის სამხედრო დახმარების გაწევას, რაც ხელს შეუწყობს მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. ანკარის სამიტი გააგრძელებს ნატო-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაღრმავებას, დაეხმარება ქვეყანას გადაუდებელი თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და უზრუნველყოფს, რომ მოკავშირეთა სამხედრო დახმარება გრძელვადიანი იყოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) 36-ე სამიტზე საქართველო მიწვეული არ არის.