ივანიშვილის შესაძლო კავშირზე აფრიკაში უკანონოდ მოთხრილ ბაობაბეთან უკვე ბრიტანული "გარდიანიც" წერს

19.11.26 23:31
ივანიშვილის შესაძლო კავშირზე აფრიკაში უკანონოდ მოთხრილ ბაობაბეთან უკვე ბრიტანული "გარდიანიც" წერს

სამხრეთ აფრიკელი გარემოსდამცველები ცდილობენ, დროულად გადარგონ ხუთი საუკუნოვანი ბაობაბი მას შემდეგ, რაც ეს 20-ტონიანი ხეები ექსპორტიორმა ამოთხარა და მათი ათასობით მილის მოშორებით, საქართველოში გაგზავნა სცადა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Guardian წერს. 

გამოცემის მიხედვით, ბაობაბები ოთხშაბათს ჩრდილო-აღმოსავლეთ სამხრეთ აფრიკაში, ტიმბავატის ნაკრძალში ჩაიტანეს, სადაც მათ ხელახლა დარგავენ და გასამაგრებლად ბაგირებით დააფიქსირებენ, რათა ხეებმა აღდგენა შეძლონ.

ივლისის შემდეგ ხეები დურბანის ერთ-ერთ საწყობში იყო გაჩერებული — მაშინ ისინი ხელისუფლებამ დააკავა იმ მიზეზით, რომ ხეების გადაადგილება შესაბამისი ნებართვების გარეშე მოხდა.

სტატიის მიხედვით, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ხეები საქართველოსთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მყიდველის ვინაობა არ დაუსახელებია.

ეს შემთხვევა ეხმიანება ოთხი წლის წინ კენიაში მომხდარ ეპიზოდს, როდესაც რვა ბაობაბი ამოთხარეს შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ექსპორტისთვის — პარკისა, რომელიც გავლენიან ქართველ მილიარდერსა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ივანიშვილმა პარკი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შავი ზღვით, ბორნით გადატანილი უძველესი, გიგანტური ხეებით შეავსო.

კენიური ბაობაბების ექსპორტი თავდაპირველად გარემოსდამცველების პროტესტის შემდეგ დაიბლოკა (ისინი ამ ფაქტს „ბიომეკობრეობად“ აფასებდნენ), თუმცა მოგვიანებით მათი გატანის ნებართვა მაინც გაიცა.

სხვა მხრივ, მსგავსი ექსპორტი უიშვიათესია, აცხადებენ ექსპერტები. დევიდ ნიუტონმა, ორგანიზაცია Traffic-ის (არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ველური ცხოველებითა და მცენარეებით ვაჭრობას აკონტროლებს) აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის პროგრამების ოფისის დირექტორმა, აღნიშნა: „ძალიან უჩვეულოა ბაობაბების დეკორატიულ მცენარეებად გამოყენება... ძირითადად იმიტომ, რომ მათი მიწიდან ამოთხრა და ტრანსპორტირება უკიდურესად რთულია, შემდგომში კი — ახალ ადგილას წარმატებით გახარება“.

სარა ვენტერმა, „ბაობაბის ფონდის“ დამფუძნებელმა, რომელიც სამხრეთ აფრიკული ხეების გადარგვის პროცესს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ სწრაფად გადარგვის შემთხვევაში ხეებს გადარჩენის კარგი შანსი აქვთ. ზამთრის თვეები — მაისიდან ოქტომბრამდე — როდესაც ხეებს ფოთლები სცვივა და მიძინებულ მდგომარეობაში არიან, მათი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი დროა.

„როგორც კი გაზაფხული იწყება [ნოემბერში], ხეები თავიანთ წყლის მარაგს ახალი ფოთლების გამოსატანად იყენებენ, სწორედ ამიტომ გვჭირდება მათი მიწაში რაც შეიძლება სწრაფად ჩარგვა“, — თქვა მან.

სამაშველო მისიას შეფერხებები შეექმნა ასეთი დიდი ხეების გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, რომელთა ტრანსპორტირებაც არაგაბარიტული ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი სპეციალური სატვირთო მანქანებით ხდება. ხუთივე ბაობაბის წონა 19-დან 29 ტონამდე მერყეობს, მათი დიამეტრი 4,5 მეტრს, სიმაღლე კი 12,5 მეტრს აღწევს.

ბაობაბები, რომლებსაც „სიცოცხლის ხეს“ უწოდებენ, სამხრეთ აფრიკის კანონმდებლობით არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მოსაჭრელად ან დასაზიანებლად სპეციალური ნებართვაა საჭირო.

„ბაობაბი მხოლოდ ეკოსისტემის ნაწილი არ არის — ის თავად წარმოადგენს ეკოსისტემას“, — განაცხადა კენიელმა ლანდშაფტის დიზაინერმა, ლექტორმა და მებაღემ, ვამბუი იპოლიტომ. „ეს ხეები ბიომრავალფეროვნების საყრდენია“.

მის ფუღუროებში თავს აფარებენ სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები — ღამურებითა და გალაგოებით დაწყებული, რუხთავა თუთიყუშებითა და სამხრეთული მიწის რქაცხვირებით დამთავრებული, ხოლო მისი ნაყოფით სპილოები, მაიმუნები და მეჭეჭებიანი ღორები იკვებებიან.

იპოლიტომ ასევე დასძინა, რომ ამ ხეებს უდიდესი კულტურული მნიშვნელობა აქვს: „აფრიკაში ის ყოველთვის წმინდა ხედ ითვლებოდა. მნიშვნელობა არ აქვს, სად წახვალთ: სენეგალი, მალი, განა — სადაც არ უნდა მოხვდეთ, თუ ბაობაბის გარშემო თემი ცხოვრობს, ეს ხე წმინდაა. ვიღაცის დიდი-დიდი-დიდი ბებია-ბაბუები ამ ხის ქვეშ ისხდნენ და ის ამ ადგილის ადამიანური ისტორიის ნაწილია“.

ვენტერის თქმით, ბაობაბებს ზედაპირული ფესვები აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ძალიან ღრმად დარგვა საჭირო არ არის და ფესვებიც საკმაოდ სწრაფად ეზრდებათ. გადარგვის შემდეგ ხეებს ბაგირებით გაამაგრებენ და ელექტროღობეებით შემოღობავენ, რათა სპილოებმა არ დააზიანონ.

ვარაუდობენ, რომ ხეები 200-დან 300 წლამდე ასაკისაა. „ბაობაბები ადვილად აღწევენ 1 000 წლის ასაკს, ასე რომ, თუ გადარჩებიან, წინ კიდევ რამდენიმე ასეული წელი აქვთ“, — აღნიშნა ვენტერმა.

გამოცემა წერს, რომ ხეების უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებაში სავარაუდოდ პასუხისმგებელი ლანდშაფტური კომპანიის მფლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მსგავსი სიახლეები