8 პოლიტიკოსის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, მოწმე-პოლიციელები სასამართლოზე გიორგი ქადაგიძესაც ასახელებენ
8 პოლიტიკოსის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომა მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მიყვანილი მოწმე-პოლიციელები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად გიორგი ქადაგიძის სახელსა და გვარსაც ასახელებენ.
უფლებადამცველების თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ მოწმეები ანალოგიურ ჩვენებას აძლევენ სასამართლოს, რასაც ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, რომ თითქოს "მათ დაინახეს ჟესტებითა და მიმიკით როგორ აძლევდა მითითებებს აქციის მონაწილეებს".
ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთევან ჩომახაშვილი ამბობს, რომ მოწმეები სხვა პირებს გამოძიების ეტაპზეც ასახელებდნენ.
6-დან ერთი მოწმე ახსენებს ამ საქმეში ბრალდებული პირების გარდა, გიორგი ქადაგიძეს, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი გახარიას. გახარიას კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რეალურად გახარია მოვლენების ეპიცენტრში, პარლამენტის წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა და ჩვენთვის, დაცვის მხარისთვის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ამაზე, მხოლოდ ამ კონტექსტში, რომ ამით დავადასტუროთ, რომ მოწმეები, რომლებიც პროცესზე დადიან ცრუობენ და რეალურ ინფორმაციას არ გადმოსცემენ.
ჩვენ ამ საქმეს დავარქვით ჟესტების საქმე და რეალურად ასეა, ბრალდებულების მიმართაც ისინი იძახიან, რომ მათ არ გაუგონიათ რაზე საუბრობდნენ ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე და ა.შ., უბრალოდ მათი აღქმაა, რომ ისინი ჟესტებით მოუწოდებდნენ აქციაზე მყოფ ადამიანებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში.
არაფერი არ გამიკვირდება, თუმცა ეს მოწმეები ამ პირებს ასახელებდნენ გამოძიების ეტაპზეც. ანუ ეს ჩვენებები, რასაც ისინი აქ იძლევიან ძირითადად ასახულია საქმის მასალებში," - თქვა ქეთევან ჩომახაშვილმა.
უფლებადამცველი, ირაკლი ჩომახაშვილი განმარტავს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და როდის რას გადაწყვეტს ბრალდების მხარე დამოკიდებულია ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.
არა მარტო გიორგი ქადაგიძე, არამედ სხვა უამრავი ადამიანი არის ნახსენები კიდევ. ჩვენი მოცემულობა ის არის, რომ ცუდია, რომ ის გაჟღერებულია იმიტომ, რომ ეს არის ცრუ ჩვენებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პოლიციის თანამშრომლების, თუმცა გამოძიების სტადიაზე ნახსენები იყო რამდენიმე ისეთი პირი, მათ შორის გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ამ საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
ამას აქვს პოლიტიკური სარჩული და როდის რას გადაწყვეტს ბრალდების მხარე, ეს დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ქვეყანაში.
რასაც ედავებიან ზურა ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას და ა.შ., იდენტურად ჩამონათვალში არის მითითებული და მათ შორის სხვა ცნობილი სახეებიც ასე არის დასახელებული პოლიციის თანამშრომლების მხრიდან," - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
[ფოტო: არქივიდან]