მახაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციის პროექტი მიკერძოებულია და ეუთოს ნდობას აზიანებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა და დოკუმენტს "მიკერძოებული" უწოდა. ამის შესახებ მან ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი მტკიცებით, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი პროექტი ეუთოს მიმართ ნდობას აზიანებს და საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაციას წარმოადგენს.
მახაშვილმა ასამბლეის წევრებს რეზოლუციის სრულად უარყოფისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, დოკუმენტში არსებული პრობლემები ცალკეული შესწორებებით ვერ გამოსწორდება.
მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ მიკერძოებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც ეუთოს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება. გადახედეთ ეუთოს წევრ ქვეყნებში ჩატარებული ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშებს და მითხარით, რომელი მათგანი იყო საქართველოზე უკეთესი იმ პრობლემების მასშტაბით, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დაფიქსირდა.
ამავე დროს, შეგიძლიათ დაასახელოთ ამათგან თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფორუმზე მსგავსი მასშტაბის ყურადღების ობიექტი გახდა, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგაც კი? ეს არ არის საპარლამენტო დიპლომატია. ეს არის ჩვენი საერთო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაცია, რაც აზიანებს იმ დიალოგის საფუძველს, რომლის დაცვასაც ვესწრაფვით.
ბატონო თავმჯდომარევ, ცალკეული შესწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ, ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა, - თქვა მახაშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.