სეფაშვილი: საქართველოს შესახებ რეზოლუცია პოლიტიკური მოტივაციითა და დეზინფორმაციითაა გაჯერებული

07.07.26 11:51
სეფაშვილი: საქართველოს შესახებ რეზოლუცია პოლიტიკური მოტივაციითა და დეზინფორმაციითაა გაჯერებული

 

 

რეზოლუციის ყოველ წინადადებაში მე ვიპოვე პოლიტიკური მოტივაცია, რაც გამოხატულია დეზინფორმაციის გავრცელებაში, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  

სეფაშვილის მტკიცებით, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის მიზანი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება და საქართველოში არსებული რეალობის დამახინჯებაა. მან განაცხადა, რომ დოკუმენტი, მისი შეფასებით, იმ პოლიტიკური ძალებისთვის „საკვების მიცემას“ ემსახურება, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას არ აღიარებენ.

სამწუხაროდ, რეზოლუციის ყოველ წინადადებაში მე ვიპოვე პოლიტიკური მოტივაცია, რაც გამოხატულია დეზინფორმაციის გავრცელებაში. ცხადია, ამ რეზოლუციის მიზანია მხოლოდ საქართველოს რეპუტაციის დაზიანება და იმ რეალობის არასახვა, რომელიც საქართველოშია. ეს არის საკვების მიცემა იმ რადიკალებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ არ დაინახონ რეალობა და დემოკრატიული განვითარება საქართველოში, არამედ ამის ნაცვლად გამოიგონონ პარალელური სამყარო, სადაც ყველაფერი ბნელი და უსამართლოა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეუთო ოდირის დასკვნა საქართველოს არჩევნებზე იყო აშკარად პოზიტიური. ამის ნაცვლად, ჩვენ ვკითხულობთ პუნქტებს დარღვევებზე რაც ხდება ყველა ქვეყანაში და რასაც არ ჰქონია გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგზე. ჩვენ ვერ ვხედავთ შეკრების თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების ვერანაირ შეზღუდვას, როგორც ეს უკვე დადასტურებულია სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლებიც აფასებენ საქართველოს კანონის უზენაესობის კუთხით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით და ასე შემდეგ. ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში კარგ პოზიციაზეა, - განაცხადა სეფაშვილმა. 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.