"ვერ დაიმალებით მდინარაძის კალთის ქვეშ" - გიგა ფარულავა კირცხალიას პასუხობს
“გახარია საქართველოსთვის” წევრი, გიგა ფარულავა ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას პასუხობს.
"ვერ დაიმალებით მდინარაძის კალთის ქვეშ"- თქვა ფარულავამ და აღნიშნა, რომ დეპუტატი, რომელმაც კოლეგას "ორსულობის ცნობას სთხოვს", აჟიტირებულია.
"როგორც ჩანს, ირაკლი კირცხალია აჟიტირებულია, ალბათ, ბედნიერად გრძნობს თავს მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდნენ ირაკლი კირცხალიამაც და სხვებმაც, რომ ისინი ვერ დაიმალებიან მდინარაძის კალთის ქვეშ, სისტემის ზურგს უკან და აუცილებლად დადგება დრო, როცა მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება მათ ნებისმიერ სიტყვასა და ქმედებაზე"- აცხადებს ფარულავა.
ფარულავას თქმით, საქართველოს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება სისტემური დანაშაულის მორიგი გამოვლინება იყო.
“ჩვენ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს არის სისტემური დანაშაულის მორიგი გამოვლინება, რაც მოხდა პარლამენტში, შესაბამისად, სისტემამ, კონკრეტულმა პირებმა, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, ასევე პროკურატურამაც, უნდა იცოდნენ ერთი რამ, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველას თავისი ქმედებისთვის და ასევე უმოქმედობისთვის აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება.
რაც შეეხება ამ “ქარდებს”, ისინი გაზიარებული იყო გამომდინარე იქიდან, რაც სხვა პარლამენტში ხდებოდა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კონკრეტული ფაქტი, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა, არის სისტემური ძალადობის მორიგი გამოვლინება. ჩვენ აქ კონკრეტულ გვარებზე არ ვსაუბრობთ, ეს იყო ჩვენი გუნდის მიმართ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული და განხორციელებული სისტემური დანაშაული”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.
"ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე" - ეს პასუხი აქვს ირაკლი კირცხალიას გიორგი გახარიას გუნდის კამპანიაზე, რომ არსებობს არაერთ ქვეყანა, სადაც პარლამენტში ჩხუბის გამო დეპუტატების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
კირცხალიამ გუშინ თქვა, რომ სენეგალში ჩხუბის დროს პარლამენტარმა ორსულ ქალას ჩაარტყა და ამიტომ აგებინეს პასუხი.
ირაკლი კირცხალია: ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა