ოპოზიცია: ბახუაშვილის სუს-ში დანიშვნით ივანიშვილი ძალოვან უწყებებზე პირად კონტროლს აძლიერებს
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველის, გიორგი ბახუაშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნას ოპოზიციაში ივანიშვილის მიერ ძალოვან უწყებებზე კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებად აფასებენ. მათი შეფასებით, ივანიშვილი უსაფრთხოების სისტემაში მისთვის პირადად სანდო ადამიანებს აძლიერებს, რათა ძალოვან სტრუქტურებთან პირდაპირი კავშირი შეინარჩუნოს და პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში გავლენა არ დაკარგოს.
ივანიშვილს ყოველთვის, რაც არ უნდა თავისი პრემიერები ჰყოლოდა, და ასეთი ბევრი ჰყავდა და არცერთი სამ წელზე მეტი არ ყოფილა, ყოველთვის საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირები ჰყავდა ძალოვან უწყებებში, მისი დაცვის და პირადი უსაფრთხოების ყოფილი წევრები. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი რეჟიმის უსაფრთხოებისთვის თუნდაც მისი დანიშნული პრემიერების ნდობა არ არის, ამიტომ მას პირდაპირი საკომუნიკაციო არხი სჭირდება მათთან და მეორე - ცვლილებების შემთხვევაში, ეს ადამიანები დაიკავებენ უფროსების თანამდებობას, რაც არაერთხელ გვაქვს მათ შორის გომელაურის მაგალითზე ნანახი. ამიტომ თუ მოხდება ცვლილება კობახიძის და მათ შორის მდინარაძის, რომელიც უკვე მოხდა, სუსის უფროსობიდან კოორდინატორობამდე დაქვეითებით, შესაძლებელია, ეს იყოს მორიგი სვლა საჭადრაკო დაფაზე ბიძინა ივანიშვილის, - ამბობს თეონა აქუბარდია.
ბახუაშვილის სწრაფ კარიერულ წინსვლას ივანიშვილთან მის ახლო კავშირებს უკავშირებს „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილიც. მისი თქმით, სუს-ში ბახუაშვილის გადაყვანა ძალოვანი სისტემის კონტროლის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ბატონი ბახუაშვილის თავბრუდამხვევი კარიერული ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ ის არის ივანიშვილთან დაახლოებული პირი, მისი დაცვის ყოფილი წევრი, მის ოჯახთან დაახლოებული ადამიანი. თავისთავად ის ფაქტი, რატომ სჭირდება ივანიშვილს ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერვაა შერჩეული მთელი მინისტრთა კაბინეტი, აქ უნდა გვესმოდეს ორი რამ: პირველი ის, რომ ივანიშვილს აქვს აბსოლუტური პარანოია ანუ ის გარე სამყაროს და მის უშუალო გარემოცვას არ ენდობ. სწორედ ბახუაშვილია ის ადამიანი, რომელმაც ივანიშვილი უნდა დააზღვიოს და გადააზღვიოს იმ ტიპის რისკებისგან, რომელიც დაკავშირებული იყო მის გამოცდილებასთან, რომელიც უკავშირდება ამ შემთხვევაში ლილუაშვილს და ღარიბაშვილს. როგორც ჩანს, სუსი ამ თვალსაზრისით, ანუ მთელი სახელმწიფო აპარატის კონტროლისთვის უფრო მოსახერხებელ უწყებად ჩაითვალა, ვიდრე შსს, თუმცა მე, მომავალში, არ გამოვრიცხავ, რომ მან ფორმალურადაც მიიღოს სუსის უფროსის სტატუსი იმ ფონზე, როდესაც მაქვს განცდა, რომ გეკა გელაძე მაინც არ არის ივანიშვილის წრე, ის არის, როგორც ჩანს, მდინარაძის და კობახიძის წრე , - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.
გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს - ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან, ბრძანების გამოცემის დღიდან დაიკავა.
- ბახუაშვილი იქამდე შს მინისტრის მოადგილე იყო. ის ამ პოსტზე 10 ივნისს დაინიშნა და არასრული ერთი თვე იმუშავა.
- სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დანიშვნამდე, ბახუაშვილი 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა.