„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ ანაკლიის პორტისთვის „კავკასიური ტრიოს“ სტრატეგიული ხედვა წარადგინა
ანაკლიის პორტის განვითარების ახალ, „ლენდლორდის“ მოდელზე გადასვლის გადაწყვეტილებას „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ეხმაურება. მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში შეცვლილი პრემიერ-მინისტრების, ეკონომიკური მოდელებისა და ვადების მიუხედავად, ანაკლიის პორტი დღემდე არ აშენებულა.
გეგელია აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტს ახალი, რეგიონული სტრატეგიული ხედვა სჭირდება. „ლელო - ძლიერი საქართველო“ ინიციატივით გამოდის, პორტის განვითარებაში სომხეთი და აზერბაიჯანიც ჩაერთონ, ხოლო სამი ქვეყნის მონაწილეობით ერთობლივი კავკასიური კონსორციუმი შეიქმნას.
მისი თქმით, პორტის მართვა მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ოპერატორს უნდა გადაეცეს, ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა კი ამერიკელი, ევროპელი და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისთვის უნდა იყოს ღია.
„10 წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს ანაკლიასთან დაკავშირებით მუდმივად ახალ დაპირებებს აძლევს. იცვლება პრემიერ-მინისტრები, ეკონომიკის მინისტრები, ეკონომიკური მოდელები, ვადები და განცხადებები, მაგრამ შედეგი ერთია -ანაკლია დღმდე არ არსებობს. სინამდვილეში, დღეს ხელისუფლებას მორიგი დაპირების გაკეთება კი არა, სრულიად ახალი სტრატეგიული ხედვის წარმოდგენა მართებს, რომელიც უპასუხებს ეროვნულ გამოწვევებს და რეგიონულ დინამიკას.
„ლელო - ძლიერი საქართველო“ ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ ანაკლია გახდეს იმ ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფნის მთავარი შავი ზღვის კარიბჭე, რომელსაც არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი უკვე „ტრამპის გზად“ მოიხსენიებს. ეს ნიშნავს საქართველოს დაბრუნებას დასავლეთის სტრატეგიულ ეკონომიკურ რუკაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის გაცილებით აქტიურ მონაწილეობას ჩვენ რეგიონში.
დღეს წარმოგიდგენთ ამ ხედვის გაგრძელებას, რომელიც პასუხობს რეგიონში ჩამოყალიბებულ ახალ და ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ვითარებას. „ლელო - ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ჩვენი წინადადებაა, სამი ქვეყნის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი კავკასიური კონსორციუმი, ხოლო პორტის მართვა გადაეცეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ოპერატორს. ამავდროულად ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ღია უნდა იყოს ამერიკული, ევროპული და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორისთვის, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და მზად არის მონაწილეობა მიიღოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში. ეს არის ჩვენი „კავკასიური ტრიოს“ იდეა და თანამშრომლობის ახალი მოდელი, რომელიც რეგიონს გააერთიანებს საერთო ეკონომიკური და კეთილდღეობის ინტერესების გარშემო. ჩვენ ხედვას ვუწოდებთ „მშვიდობის ეკონომიკას“ და ღრმად გვწამს, რომ კავკასიის მომავალი უნდა აშენდეს სამი სახელმწიფოს საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე დაფუძნებით.
ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე ძლიერი მშვიდობა სწორედ იქ იქმნება, სადაც ქვეყნები ერთად ვაჭრობენ და აშენებენ ინფრასტრუქტურას, ერთად იზიდავენ ინვესტიციებს და ქმნიან კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ ანაკლია მხოლოდ პორტი არ არის, ის არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა იქცეს საერთო კავკასიური მშვიდობის პროექტად და გახდეს კავკასიის მთავარი ეკონომიკური კარიბჭე მსოფლიოსთვის. მომავლის შესაძლებლობების და არა წარსულის მახსოვრობების გარშემო. გვჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ძლიერი საქართველოს წამყვან რეგიონალურ ძალად ჩამოყალიბების.
„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 10 წელი, რომ ანაკლია მხოლოდ ტყუილი დაპირებების ისტორიად არ ექცია. დღეს ქვეყანას სჭირდება არა მორიგი ფუჭი დაპირებები, ეკონომიკური მოდელების შეცვლა და თამაში, არამედ დიდი ეროვნული სტრატეგია. სწორედ ასეთ სტრატეგიას ვთავაზობთ ჩვენ, „ლელო - ძლიერი საქართველო“ არამხოლოდ საქართველოს საზოგადოებას, არამედ მეზობლებს- სომხეთს, აზერბაიჯანს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ინვესტორებს.
ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც ერთმანეთს შეხვდება კავკასიის თანამშრომლობა და დასავლეთის სტრატეგიული ინტერესი. ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც კავკასიის მომავალი იწყება. ეს არის მშვიდობის ეკონომიკა და საქართველოს ახალი ისტორიული შესაძლებლობა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.