სიორიძე: ბახუაშვილის სწრაფი საკადრო გადაადგილება ძალოვან სისტემაში ნდობის კრიზისზე მიუთითებს
გიორგი ბახუაშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნას „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე სამართალდამცავ სისტემაში არსებული მენეჯმენტისა და ნდობის კრიზისის გამოხატულებად აფასებს. მისი განცხადებით, ბახუაშვილის სწრაფი საკადრო გადაადგილება აჩვენებს, რომ მმართველი ძალისთვის მთავარი კრიტერიუმი ივანიშვილის პირადი ნდობაა და არა უწყებების ეფექტიანი მართვა.
სიორიძის თქმით, ბახუაშვილი მოკლე დროში ჯერ შსს-ის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ახლა კი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მისი შეფასებით, ასეთ მოკლე ვადებში თანამდებობების ცვლილება სისტემაში არაჯანსაღ გარემოზე მიუთითებს.
ძალოვან სისტემაში თანამდებობრივი კარუსელები ადრეც გვინახავს. თუ ოხანაშვილისა და მდინარაძის შემთხვევაში ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა ხოლმე, ბახუაშვილის შემთხვევაში 2-3 კვირიანი შუალედი იყო.
ეს კაცი [გიორგი ბახუაშვილი] ჯერ გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად დანიშნეს, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ახლა სუს-ის უფროსის მოადგილედ. რამდენიმე დღით ყოფნა პირველადი ადაპტაციისთვისაც არ არის საკმარისი.
ეს მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს. ასევე, ეს მეტყველებს, ერთი მხრივ სამართალდამცავი უწყებების მენეჯმენტის მართვის კრიზისზე და მეორე მხრივ, ნდობის კრიზისზე, რადგან ივანიშვილისთვის ნდობა არის მთავარი კრიტერიუმი, ასე იყო გომელაურისა და ჩუბინიძის შემთხვევაშიც.
ფაქტია, რომ სამართალდამცავი სისტემისთვის არაფერი შეიცვლება, სისტემა კვლავ დამნაშავე რჩება. ერთადერთი ცვლილება რაც იქნება ივანიშვილისთვის არის ის, რომ მის უკანონო დავალებებს მისი ნდობით აღჭურვილი პირი უფრო უკეთ შეასრულებს, ვიდრე მისი სხვა წინამორბედები.
უშუალოდ ბახუაშვილს რა მომავალი ექნება, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილის გადასაწყვეტია, როგორც სხვა შემთხვევებშიც გვინახავს“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს - ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან, ბრძანების გამოცემის დღიდან დაიკავა.
- ბახუაშვილი იქამდე შს მინისტრის მოადგილე იყო. ის ამ პოსტზე 10 ივნისს დაინიშნა და არასრული ერთი თვე იმუშავა.
- სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დანიშვნამდე, ბახუაშვილი 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა.