თავად წამოიწყეს კონფლიქტი, სჯობს, შეეშვან წუწუნს - პაპუაშვილი გახარიას გუნდზე

07.07.26 18:45
თავად წამოიწყეს კონფლიქტი, სჯობს, შეეშვან წუწუნს - პაპუაშვილი გახარიას გუნდზე

შალვა პაპუაშვილი უკვე სერბეთიდან ამტკიცებს, რომ პარლამენტში მომხდარი ანგარიშსწორება გახარიას გუნდმა წამოიწყო.

თუ ჰგონიათ, რომ საკუთარ დაშავებულს ზედმეტი წუწუნით როგორმე გამოასწორებენ და თავს მსხვერპლის როლში ჩაიყენებენ, ძალიან ცდებიან" - ამბობს პაპუაშვილი პარტია "საქრთველოსთვის" დეპუტატებზე.

მისივე მტკიცებით, მომხდარში ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან სწორი არ იქნება. 

უკვე ძალიან მომაბეზრებელია მათი ეს დამოკიდებულება. გასაგებია, რომ ის ინციდენტი, რაც პარლამენტში მოხდა, არ იყო კარგი და უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების თვალში ეს არ იყო კარგი. თავადაც კარგად იციან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. სწორედ მათი ფრაქციის წევრის უღირსმა საქციელმა მიიყვანა ეს ყველაფერი იმ წერტილამდე, როდესაც სამწუხაროდ, კონფლიქტი წარმოიშვა უკვე. ასე რომ, თუ ჰგონიათ, რომ საკუთარ დაშავებულს ზედმეტი წუწუნით როგორმე გამოასწორებენ და თავს მსხვერპლის როლში ჩაიყენებენ, ძალიან ცდებიან. არანაირი მსხვერპლები ისინი არ არიან, მათი ფრაქციის წევრმა, მისმა უღირსმა საქციელმა წამოიწყო ეს კონფლიქტი.

დიდი ხანია, არ მომხდარა საქართველოს პარლამენტში ასეთი ინციდენტი. სამწუხაროა, რომ მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი შიგნით თავად გაერკვეს ამ საკითხში იმ მხრივ, რომ პარლამენტის წევრებს შორის ურთიერთობები არ მივიდეს ასეთ დაძაბულ წერტილამდე. პარლამენტი, პლენარული სხდომა და პარლამენტის სხდომები ზოგადად, ეს არის სპეციფიკური სივრცე, ეს არ არის ჩვეულებრივი საჯარო სივრცე. ეს არის კონსტიტუციური ფორუმი, სადაც ხალხის წარმომადგენლები მსჯელობენ და იღებენ კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს მათი უფლებამოსილებების ფარგლებში. აქ ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან არ არის სწორი და სწორედ ამიტომაც არის, რომ ორი კვირაა, ეძებენ და სამი შემთხვევის გარდა ვერ ნახეს ვერაფერი ისტორიულად მსოფლიოში თუ მომხდარა როდესმე, რომ რაიმე გარე ჩარევით სამართლებრივი მექანიზმები ამუშავებულიყო. როდესაც არის ამგვარი ფიზიკური დაპირისპირება, სპონტანური, არ იწვევს მძიმე ზიანს და არ აქვს რაიმე შედეგები, ასეთი მომხდარა არაერთ ევროპულ თუ არაევროპულ პარლამენტში, თუმცა ეს შიდასაპარლამენტო საკითხად რჩება. ეს პირველ რიგში, ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არასდროს არ იყოს შემდეგ ეს ბერკეტი გამოყენებული თუნდაც ოპოზიციის წინააღმდეგ. ამიტომ, ამასაც უნდა გაუფრთხილდნენ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სადეპუტატო იმუნიტეტზე, ეს სადეპუტატო იმუნიტეტი ეხება პარლამენტის იმუნიტეტს და პარლამენტის საქმიანობაში გარე ჩარევისგან დაცვას.

თავადაც ნახეს ორი კვირის განმავლობაში, გადაქექეს ალბათ მთელი ინტერნეტი, სამი შემთხვევის გარდა, რომლებიდან არცერთი არ ემთხვევა ამ შემთხვევას და არის აბსოლუტურად სხვანაირი შემთხვევა; ზოგან მძიმე დაზიანება იყო, ზოგან პლენარული სხდომის დროს არ იყო და გარეთ მოხდა. ასე რომ, ვერანაირი სხვა შემთხვევა ვერ ნახეს. თავად წამოიწყეს ეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებელი. მგონი, სჯობს, შეეშვან წუწუნს და გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები