ზუგდიდი - "ძლიერი საქართველო-ლელო"-ს ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს მართავენ

07.07.26 18:54
ზუგდიდი - "ძლიერი საქართველო-ლელო"-ს ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს მართავენ

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, თანაგუნდელებთან ერთად რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.  

დღეს „ლელოს“ პოლიტიკური ლიდერები ზუგდიდში ჩავიდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოფელ კახათში სოციალურად დაუცველებს შეხვდნენ და ე.წ. ფაიფურის დასახლებაში დაუსრულებელი ცენტრალური ხიდი ნახეს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გზის რეაბილიტაცია და ხიდის მშენებლობა  ე.წ. ფაიფურის დასახლებაში გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა  ამ დრომდე სამშენებლო პროცესი შეჩერებულია და მოსახლეობას შემოვლითი გზებით უწევს გადაადგილება.

  • პროექტის დასრულების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა და ბოლო ინფორმაციით, სექტემბრამდე გადავადდა, თუმცა ზუგდიდელები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება ხიდის მშენებლობას ვერც სექტემბრში დაასრულებს. ხიდი კი რომლის მშენებლობასაც მოსახლეობა თვეებია ელოდება  ზუგდიდის ერთერთი ცენტრალური სამანქანო კვანძია, ამ ხიდის მეშვეობით ქალაქის ცენტრი უკავშირდება სოფელ რუხში მდებარე კლინიკას, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს და მესტიის ცენტრალურ გზას", - ნათქვამია ლელოს მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში. 

"ძლიერი საქართველო-ლელოს" ლიდერები ვარაუდობენ, რომ სახეზეა სავარაუდო კორუფცია და ადგილობრივი ხელისუფლება არამიზნობდივად ხარჯავს საბიუჯეტო თანხებს, სწორედ ამიტომ "ლელოს" ლიდერები აცხადებენ, რომ სასწრაფოს უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები და დროული გამოძიება დაიწყონ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

შეჩერებული უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა დღესვე კოალიცია „ძლიერი საქართველო ლელოს“ ლიდერები ადგილზე მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს გაეცნენ.

ირაკლი კუპრაძემ სოფელ კახათში სოციალურად დაუცველ ოჯახებისგან უმძიმესი ისტორიები მოისმინა -  "ქართული ოცნების ხელისუფლებიგან მიტოვებული ადამიანები ავარიულ სახლებში, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ და ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან".  

დღეს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ზუგდიდსა და კახათში ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდი. ემოციურად მძიმე დღე იყო - უმძიმესია უყურო, როგორ უმკლავდებიან ადამიანები ყოველდღიურ გაჭირვებას სრულიად მარტო, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. 
მოვუსმინეთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომლებიც ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში ცხოვრობენ და ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან. შევხვდი მშობლებს, რომლებმაც ღიად მითხრეს ყველაზე საშინელი სიტყვები: მათ შვილებს შიათ. ეს არის რეალობა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება სრული გულგრილობითა და უმოქმედობით პასუხობს. 
თუმცა, მხოლოდ პრობლემებზე არ გვისაუბრია - მათთან ერთად რეალურ გამოსავლის გზებზეც ვიმსჯელეთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან. ჩვენი წარმომადგენლები საკრებულოებში მთელი საქართველოს მასშტაბით მზად არიან, თითოეული მოქალაქის გვერდით დადგნენ და ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად იბრძოლონ. ამ ხალხის ხმას ყველგან მივიტანთ და კონკრეტულ შედეგებსაც მივაღწევთ“ – ამბობს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები